ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მთავარი და ერთადერთი მოკავშირე კრიმინალია

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, დღეს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის წევრები ხელმოწერებით შეუერთდნენ.

როგორც პარლამენტის წინ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ხელმოწერების შეგროვების მთავარი მიზანია, აიძულონ ხელისუფლება, დროულად გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და დასაჯოს დამნაშავეები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, ერთად მოვსულიყავით და ერთად გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ. ეს ადამიანი თითქმის ორი წელია, ქუჩაში ეძებს სამართალს და ითხოვს იმ მკვლელების დასჯას, რომლებმაც ორი წლის წინ თემირლან მაჩალიკაშვილი ჩაცხრილეს საკუთარ საწოლში. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მთავარი და ერთადერთი მოკავშირე გახლავთ კრიმინალი და ამ ხელისუფლების პირობებში, მალხაზ მაჩალიკაშვილს ძალიან გაუჭირდება სიმართლის პოვნა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მართლაც ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი იქამდე, რომ სიმართლე აღდგეს და დაისაჯონ რეალურად ის მკვლელები, ვინც ჩაიდინეს ეს საზარელი დანაშაული. ხელმოწერები სწორედ იმას ემსახურება, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო ხელისუფლება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში, რომელიც დაადგენს რეალურად რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მისვე თქმით, 100 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებს და ხელმოწერების პროცესი საქართველოს მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად