WWF – თბილისის ზოოპარკი გაუსაძლის გარემოში ახერხებდა ცხოველებისთვის პირობების შექმნას

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი თბილისის ზოოპარკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფონდი მიიჩნევს, რომ ბოლო დროის ტრაგიკულ მოვლენებთან კავშირში წარმოშობილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ უმჯობესია, თბილისში საერთოდ არ იყოს ზოოპარკი, – ასეთი დაწესებულების თანამედროვე ამოცანების ბოლომდე გაუცნობიერებლობის  შედეგია.

“დღეს ზოოპარკის მთავარი ფუნქცია იშვითი და გადაშენების პირას მისული სახეობების კონსერვაცია, მათი გენოფონდის შენარჩუნებაა. ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა ამა თუ იმ რეგიონში სახეობის ბუნებაში აღდგენის საქმეს ემსახურება, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს მსოფლიოში. ჩვენთვის გეოგრაფიულად ერთ-ერთი ყველაზე ახლო მაგალითი დასავლეთ კავკასიონზე, სოჭის ეროვნულ პარკთან სპეციალურად მოწყობილ ცენტრში, კავკასიური ჯიქის (ლეოპარდის) აღდგენის პროგრამაა, რომლისთვისაც ცენტრმა ამ ქვესახეობის ინდივიდები ევროპის ქალაქების ზოოპარკებიდანაც მიიღო: რომ არა ზოოპარკების რესურსი, პროგრამა ვერ განხორციელდებოდა; დღეისთვის კი უკვე მიღებულია ლეოპარდის ახალი თაობა, რომელიც სპეციალურად იწვრთნება და უახლოეს ხანს გაშვებული იქნება ბუნებაში. მსგავსი პროგრამის დაარსება აზერბაიჯანშიც იგეგმება.

მნიშვნელოვანია ზოოპარკის ფუნქცია „ეკოლოგიური შეგნების“ ჩამოყალიბების საქმეშიც: ცოცხალ ცხოველებთან სიახლოვე, არავირტუალური კონტაქტი შეხამებული თანამედროვე, მიმზიდველ შემეცნებით საშუალებებთან, რომლებიც ხშირად თამაშის ელემენტებსაც შეიცავს,  განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახენს, განსაკუთრებით, მოზარდ თაობაზე და მომავალ თაობებში ეკოლოგიური ხედვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. არსებობს სხვა ფუნქციებიც, რაზეც ჩვენ აქ აღარ შევჩერდებით: საქართველოს, თბილისს სჭირდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ზოოპარკი.

ხოლო ის ფაქტი, რომ ყოფილი ზოოპარკი ყოვლად შეუფერებელ, შევიწროებულ, გაუსაძლის გარემოში მაინც ახერხებდა, შეექმნა ცხოველებისათვის დამაკმაყოფილებელი პირობები, სადაც მრავლდებოდნენ დიდი ზომის ძუძუმწოვრები, მათ შორის მტაცებლები, – მხოლოდ ზოოპარკის კოლექტივისა და მისი დირექტორის პროფ. ზურაბ გურიელიძის უმაღლეს კვალიფიკაციასა და თავდადებულ შრომას უნდა მიეწეროს. იმ მასშტაბის სტიქიურ მოვლენას, რაც თბილისს და კერძოდ თბილისის ზოოპარკს ა.წ. 13 ივნისს დაატყდა თავს, რასაც, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის,  ზოოპარკის სამი თანამშრომელი, შეეწირნენ, და ბეწვზე გადაურჩნენ ზოოპარკის დირექტორი და მისი მეუღლე, – ასევე მეცნიერი-ზოოლოგი, პროფ. ნათია კოპალიანი, – მსოფლიოს ვერც ერთი ზოოპარკი სათანადოდ მომზადებული ვერ დახვდებოდა; ამდენად, ზოოპარკის  კოლექტივისათვის წარდგენილი ნებისმიერი პრეტენზია ჩვენ უსაფუძვლოდ მიგვაჩნია.

WWF-ის კავკასიის ოფისი მოთხოვნისამებრ, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას აღმოუჩენს თბილისი ზოოპარკს ამ მძიმე პერიოდის გადატანისათვის. იმავდროულად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის ახალი, თანამედროვე ზოოპარკი ახალ, შესაფერის ადგილზე ოპტიმალურ ვადებში აშენდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად