WSJ: დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის საუბარი მაიკ პომპეომ მოისმინა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმერ ზელენსკის შორის საუბარი მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თქმით, პომპეო ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შორის იყო, რომლებმაც სატელეფონო საუბარი მოისმინეს. მაგრამ, მონაწილეობდა თუ არა სახელმწიფო მდივანი ლიდერების შორის გამართულ დისკუსიაში, უცნობია.

25 სექტემბერს, თეთრმა სახლმა ტრამპსა და ზელენსკის შორის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც ივლისის ბოლოს გაიმართა. პრეზიდენტებს შორის საუბრის დეტალები შესაძლოა, დონალდ ტრამპის გადაყენების საფუძველი გახდეს. საუბრის შემდეგ, ამერიკელმა პარლამენტარებმა ამერიკის ლიდერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის საუბრის თაობაზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მასზე ზეწოლა მოახდინა და აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა სახელმწიფო ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, მაგრამ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საუბრის ჩანაწერში რაიმე უკანონო ვერაფერი აღმოაჩინა.

წარმომადგენელთა პალატაში კი განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება აუცილებელია. უფრო მეტიც, მათი მტკიცებით, ჩვენება უნდა მისცენ უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა მარი იოვანოვიჩმა, უკრაინის საკითხებში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა და ქვეყნის ელჩმა ევროკავშირში გორდონ სონდლენდმა.

მოგვიანებით, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი უცხოეთის შეკვეთით, რაიმე ტიპის გამოძიების ჩატარებას არ აპირებს. კიევმა ასევე დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა. ზელენსკის თქმით, ასეთ საუბრებში “გარკვეული ნიუანსებია” და მისი გამოქვეყნება არასწორია. აშშ-ს მხრიდან თანხმობის შემთხვევაში კი, კრემლი მზადაა, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის საუბრები გაასაჯაროვოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად