WSJ: ამერიკამ შესაძლოა, ერაყს სამხედრო დახმარება შეუმციროს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ერაყს სამხედრო დახმარება 250 მილიონი დოლარით შეუმციროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბაღდადი ამერიკელი სამხედროების ქვეყნიდან გაყვანას მოითხოვს,-ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ერაყისთვის სამხედრო დახმარების შემცირების საკითხი ელექტრონული ფოსტით განიხილეს, რომელსაც გამოცემა გაეცნო.

კორესპონდენციის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის  საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო ცდილობს, მიმდინარე ფინანსური წლისთვის ერაყისთვის სამხედრო რაოდენობა 250 მილიონი აშშ დოლარით შემცირდეს.

ბიურო ასევე აპირებს, მიმართოს თეთრი სახლის ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო განყოფილებას, რომ 2021 წლის ფისკალური წლისთვის ერაყში 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გაწევის თაობაზე მოთხოვნა გაუქმდეს.

“ეს არ გამორიცხავს საგარეო დახმარების გაწევის საკითხის განხილვას იმ შემთხვევაში, თუ ერაყში სიტუაცია შეიცვლება ”, – ნათქვამია ერთ-ერთ წერილში.

მედიის ცნობით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები მსჯელობენ, თუ რა რაოდენობის თანხის გაუქმება ან გადანაწილება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ერაყი ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას კატეგორიულად მოითხოვს.

როგორც ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრძანა, 2020 წლისთვის უცხოური სამხედრო სახსრები სხვა სფეროზე გადანაწილდეს ან სხვა მიზნით იყოს გამოყენებული.

თუმცა, როგორც ერთ-ერთმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა დასძინა, ”ამ დროისთვის აშშ-ს დახმარების მხრივ არავითარი ცვლილებები არ განხორციელებულა”.

აღსანიშნავია, რომ ერაყში დაახლოებით 5,300 ამერიკელი ჯარისკაცი რჩება.

იანვრის დასაწყისში ერაყის პარლამენტმა ამერიკისა და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის მოტივი ერაყში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაცია გახდა, რომლის შედეგადაც სპეცრაზმის მეთაურის, გენერალ კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია განხორციელდა. საპასუხოდ, ირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა. თავის მხრივ, თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი ირანს მკაცრი სანქციებით დაემუქრა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად