WP: ნატო-ში შემთხვევით, ევროპაში აშშ-ს ბირთვული ბომბის განთავსების ადგილი გაასაჯაროვეს

კანადელმა სენატორმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, ჯოზეფ დეიმ, თავის ანგარიშში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, შემთხვევით ევროპაში აშშ-ს ბირთვული იარაღის განთავსების ადგილები გაასაჯაროვა. დოკუმენტი აპრილში გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით წაშალეს. ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი (WP) ავრცელებს.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ინფორმაცია ინტერნეტში კვლავ გამოჩნდა, თუმცა საიდუმლო მონაცემების გარეშე.
მიუხედავად ამისა, 16 ივლისს, ბელგიური გამოცემა De Morgen-ი საკუთარ ვებ-გვერდზე სწორედ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ წერდა.

ანგარიშის ახალი ვერსია 11 ივლისს გამოქვეყნდა. დოკუმენტს გამოცემა ოფიციალურს უწოდებდა და წერდა, რომ საკითხი 1 ივნისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

კერძოდ, საუბარია მოხსენებაზე, სახელწოდებით “ბირთვული იარაღის პრევენციის ახალი ერა? მოდერნიზაცია, იარაღის კონტროლი და მოკავშირე ბირთვული ძალები “. ანგარიშის ავტორი ცდილობს, ნატოს მიერ ბირთვული იარაღის საკითხზე შემაკავებელი პოლიტიკა შეაფასოს.
აღნიშნული დოკუმენტის პირველ ვერსიაში ნათქვამია, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი აშშ-სა და ევროპის სამხედრო ბაზებზე, კერძოდ კი ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიასა და თურქეთშია.
ზოგადად, ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მისიის ფარგლებში შესაძლოა, ევროპაში ბირთვული ბომბები განათავსოს, მათ შორის B61 ტიპის.
ანგარიშის ავტორს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ არის აღნიშნული ინფორმაციის წყარო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...