WhatsApp-მა, “ფეიქებთან” ბრძოლის მიზნით, შეტყობინების გაგზავნის წესები გაამკაცრა

მესინჯერ Whatsapp-ის ადმინისტრაციამ, ხშირად გაგზავნადი შეტყობინებების, რომელთა დიდი ნაწილი “ფეიკებია”, გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, შეზღუდვები აამოქმედა. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ბლოგზე ვრცელდება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პანდემიის შედეგად დაწესებული იზოლაციის გამო, ადამიანებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აღარ აქვთ ერთმანეთის ნახვის საშუალება და სარგებლობენ მესინჯერებით. კომპანიის განცხადებით, ამის ფონზე, Whatsapp-ის მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“გასულ წელს, ჩვენს მომხმარებლებს გავაცანით ხშირად გაგზავნადი შეტყობინებების პრინციპი. მსგავსი შეტყობინებები აღნიშნულია ორმაგი ისრის სიმბოლოთი. ეს სიმბოლო კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომლისაგანც შეტყობინება მოგივიდათ, რეალურად არ არის აღნიშნული გზავნილის ავტორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მსგავსი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია. ახლა, მსგავსი წერილის გაგზავნა მხოლოდ ერთ ჩატში, ერთხელ არის შესაძლებელი”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Whatsapp-ის პირველადი დანიშნულება პირადი შეტყობინებების გაგზავნაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად