ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი- პოლონელმა ტურისტმა საავადმყოფო დატოვა

პოლონელი მოგზაური იაცეკ კოლანკიევიჩი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან უკვე გაეწერა. პოლონელი ტურისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის. ახლადგახსნილი სასტუმრო “ბიოგრაფი” პოლონელ ტურისტს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს.

პოლონელი მოგზაური ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს 5 ივლისს დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელი იმ დღესვე დააკავა.

„საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი.

ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ“, – აცხადებს პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი.

„ჩვენი პოლონელი სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დადებითი. ბატონი იაცეკისთვის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რამდენიმე დღიან სარეაბილიტაციო კურსს, რომლის დასრულების შემდეგ ის შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...