ვოლსკი: ვიღაც ეცადა, წარმოეჩინა, თითქოს ნატო-ს კითხვის ნიშანი აქვს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით

“ვიღაც ეცადა, წარმოეჩინა, თითქოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილ გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს ან ნატო-ს რამე კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. სასიხარულოდ, ამ თემამ განვითარება ვერ ჰპოვა”. – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა და განმარტა, რომ რაც შეეხება ნატოს წევრობასა და მეხუთე მუხლის საკითხს, ამას მხოლოდ საქართველო არ წყვეტს.

„რაც შეეხება მეხუთე მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობას, ეს თემა ხვალვე გადაწყდება თუ ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ და სათანადო მუშაობა იქნება იმისთვის, რომ მას დაძაბულობის გაღვივება არ მოჰყვეს. ამ საკითხს მხოლოდ საქართველო არ წყვეტს, პარტნიორებთან კონსულტაციებია საჭირო ამ გადაწყვეტილების რეალობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ნებისმიერი თემის კითხვების გარეშე მიღება საზოგადოებას არ უნდა ახასიათებდეს არც საქართველოში და არც საფრანგეთში.

„ოპონენტებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ აქვთ, ერთადერთი მიზანია, როგორმე დაძაბულობა და სტრესი შემოიტანონ საზოგადოებაში. ამაზე ინტენსიური კონსულტაციები რომც მიდიოდეს, ბევრი საკითხია, რაზეც ასეთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან არავითარი ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. თემა დაისვა, ეს საკითხი ახალი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, გუშინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ.

მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...