ვოლსკი: საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისთვის, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია

„საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისათვის, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი“ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ამერიკულ გამოცემა „დეილი სიგნალში“ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.

„ამერიკის შეერთებული შტატების არა მარტო სანდო პარტნიორი არამედ ხარისხობრივად მაღალი დონის პარტნიორი საქართველო დიდი ხანია არის. და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურია ჩვენი თანამშრომლობის პერიპეტიები. ასე, რომ არც ერთი გამოქვეყნებული სტატია არ უნდა გაგვიკვირდეს და არც ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი პოლიტიკური დონიდან გაკეთებული განცხადება. ეს არ არის თემა, რომელიც კეკლუცობისთვის გამოგვადგება, საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისათვის, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი“, – აცხადებს ვოლსკი.

პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით ჩვენი ჩართულობა ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ოპერაციებში არ არის მხოლოდ რაღაც წვლილი შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების თემაში.

„ამ საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო, ასე, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ვართ მართლაც სანიმუშო პარტნიორები ჩვენი მოკავშირეებისათვის. მათ შორის და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად