ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ასეთ ვითარებაში განხილვა რომ დავიწყოთ, ოპოზიცია უნდა გვეუბნებოდეს, ახლა არ შეიძლებაო

“რასაკვირველია, არჩევნები ჩატარდება, მაგრამ საუბარია შემდეგზე, თუ ისე მოხდა, რომ ვითარება დამძიმდა და არჩევნები იქნება მთავრობის თავდადებული მუშაობის ხარჯზე, არ შეიძლება, ეს მთავრობამ მიიწეროს. ეს არის მათი ფიქრი და სტრატეგია”.

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპკერმა გია ვოლსკიმ  “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ვერანაირ შანსს ვერ ხედავს, ხელისუფლებამ საბაბი გამოიყენოს და არჩევნების გადადება შეძლოს.

“იმის ნაცვლად, რომ ერთ უღელში ვიყოთ შებმული და ვექაჩებოდეთ, ასეთ რაღაცას ლაპარაკობენ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ამისთვის საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება. პრეზიდენტმა ისაუბრა კალენდარზე. დასახელებული ვადიდან ოქტომბრის არჩევნებამდე ექვსი თვეა. ამას გულისხმობდა და არა იმას, რომ თითქოს, რაღაც გაუგებრობა შეიძლება იყოს არჩევნების ჩატარების თარიღზე. სრული მობილიზებაა, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოგვარდეს. ნაკლები სპეკულაციები მოგვითხოვია ოპონენტებისგან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებების დაგეგმილ განხილვას, გია ვოსლკის თქმით, შესაბამისი პაკეტი მომზადებულია და მისი განხილვა მოესწრება.

„არსებულ პრობლემებს მიამიტურად და ინფანტილურად ვუყურებთ? საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას მოვასწრებთ, ამის სურვილი გვაქვს და შესაბამისი პაკეტი მომზადებულია. ასეთ ვითარებაში განხილვა რომ დავიწყოთ, ოპოზიცია უნდა გვეუბნებოდეს, ახლა არ შეიძლებაო. დადგენილია ვადა და რა გადარეულები არიან ხელისუფლებაზე, რა ასეთი მისწრაფება გააჩნიათ, რომ რეალურ მდგომარეობას არც თვითონ აფასებენ და ხალხიც შეცდომაში შეჰყავთ? ყველაფერი თავის დროზე იქნება. იმ რესურსით, როგორც ვმუშაობთ, ამ პრობლემას დავძლევთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად