ვოლსკი: სააკაშვილის გამოხტომა და ჯვრის ტრიალი, რამეზე ხომ არ მიგანიშნებთ?!

“პრაგმატულად შეხედეთ სიტუაციას, როგორ შეიძლება ხელისუფლებას რაიმე სახით ეკლესიას რყევა აწყობდეს?”- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ “კურიერის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

გიორგი ვოლსკი, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიმართვასაც გამოეხმაურა.

“რა იყო მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე დღის წინ გამოხტომა და ჯვრის ტრიალი როგორი მართლმადიდებელია ის? რამეზე ხომ არ მიგანიშნებთ წინასწარ ყველაფერი? მე არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, გადააბით ერთმანეთს ყველაფერი და სწორად დაინახავს ნებისმიერი ანალიზის უნარის მქონე ადამიანი რაც ხდება,”- ამბობს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, გუშინ,  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა,

წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში.

სხდომას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი, სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

სხდომის მდივნად დასახელდა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).

წმინდა სინოდის სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

მისმა უწმინდესობამ ისაუბრა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა პასუხისმგებლობის შესახებ, ღვთისა და მამულის წინაშე. მან ბრძანა: ,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას.

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე.

დროის სირთულიდან გამომდინარე არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში.

ერთერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა.

წმინდა სინოდმა მოისმინა საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს:
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე),

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა),

წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია),

მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი),

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), დმანისისა და ლორე-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი).

წმინდა სინოდმა განაჩინა:

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.

წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.
წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები.

მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე.
წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ.

მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ.
წმინდა სინოდმა მოისმინა ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის საკითხი და განაჩინა:

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნოს მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

რუსთავის ეპარქია დროებით დაექვემდებაროს მცხეთა- თბილისის ეპარქიას.

[1] ცნობილი სერბი კანონისტის, ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით (ტრულის კრების 77-ე კანონზე დართულ კომენტარში), კლირიკოსში (κλήρος) მოიაზრება, როგორც სამღვდელო დასი; ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი; ისე დაბალი რანგის ეკლესიის მსახურნი: იპოდიაკონი, მედავითნე, მგალობელი და სხვა. (იხ. ნიკოდიმოს მილაში ,,მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება)”, – ნათქვამი ოქმში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად