ვოლსკი “რ2”-ის საქმეზე: სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში მართებულია

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

​მისივე განმარტებით, დადასტურდა, რომ შეჩერების მექანიზმი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მოსარჩელე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა.

“სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, არის კიდევ თემები, რომელიც ზუსტად ახასიათებს იმ პერიოდს, როდესაც ქონების წართმევა-წაგლეჯა იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა.

იგივე ვაზაგაშვილის თემასთან დაკავშირებით, კიდევ მეორე მოქალაქესთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარღვეული იყო სიცოცხლის უფლება და წამების ფაქტი – საკმაოდ მძიმე ფაქტი დაადასტურა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ხელისუფლება გამტყუნდა, მაგრამ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს დანაშაულები ჩაიდინა თავის დროზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ აღსრულება დღესვე დაიწყოს, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ეს ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია”.

ცნობისათვის: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...