ვოლსკი: პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა საზოგადოებაში სტრესი შემოიტანა, ბევრია საკამათო

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა საზოგადოებაში სტრესი შემოიტანა და ბევრი რამ საკამათოა”. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მორატორიუმი შეწყალებაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

„განმარტებები, თუ როგორ იყენებს თავის დისკრეციას პრეზიდენტი, მისმა ოფისმა უნდა გააკეთოს და შემდეგ გადავწყვეტთ, რაშია საქმე. მორატორიუმი სწორია, შეწყალების პროცესი რაღაც პერიოდი უნდა გაჩერდეს, რადგან სტანდარტების გარეშე შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ერთი ადამიანი ვერც ერთ სფეროში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ შეცდომა არ დაუშვას. აუცილებელია კრიტერიუმები, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილება მოჰყვება.

არ შეიძლება, კრიტერიუმების გარეშე გადაწყვეტილების მიღება არც ერთ სფეროში, რადგან საკითხის ახსნა რომ მოგინდეს, ვერანაირად ვერ დაასაბუთებ გადაწყვეტილების საფუძველს.

კრიტერიუმებზე არსებობს საზოგადოებრივი მორალური შეთანხმების პრინციპი, რომელიც მოქმედებს, ტრადიციაზეა დამოკიდებული ან საერთო კონსენსუსია საზოგადოებაში. ვფიქრობ, იქედან უნდა დავიწყოთ, რომ ჩამოვაყალიბოთ პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. შეწყალება იმ ადამიანის შეიძლება, ვინც ინანიებს, ვისაც დაზარალებული მხარე არ ედავება, ვისაც შედარებით მსუბუქი დანაშაული აქვს და სოციალურად საშიში არ არის. ასეთი კრიტერიუმების შეთანხმება შეიძლება არა მხოლოდ საკანონმდებლო ფორმატში, არამედ საზოგადოებრივი კონსენსუსი გზით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად