ვოლსკი: პატარა ბავშვების მხრიდან ადამიანზე გინებით შეტევა პროვოცირებისთვის გამიზნული საქციელია

პარლამენტის წინ “პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანისა და საპროტესტო აქციის მონაწილეების ფიზიკური დაპირისპირების თემას პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.

“სანამ პარლამენტის წევრები გავხდებოდით, არცერთს გაგვივლია ტესტი, რას გავაკეთებდით ძალიან ინტენსიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მართალი გითხრათ, მე არ ვარ არც ემზარ კვიციანის და არც სხვა ვინმეს ადვოკატი, მაგრამ რეალურად, როდესაც ადამიანი უცებ წინ გადაგიდგება, იქ შეიძლება უნებლიე მოქმედება გააკეთო ან მხარით დაეჯახო, როგორც დავინახეთ.

მაგრამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მხარით დაეჯახა, ხელი დაარტყა. მე ვამბობ, რომ შეტევა იმდენად ინტენსიური იყო ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს – ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე, მოწინააღმდეგე, ნეიტრალური, ემზარ კვიციანი, თუ ნებისმიერი სხვა გვარი, ეს არის სერიოზული გამოწვევა იმ კონკრეტული ადამიანისთვის, რომელიც ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იმ წუთში აბსოლუტურად ვერ გააკონტროლებს. კიდევ კარგი, ნაკლებად დამაზიანებელი შედეგით გადავრჩით. ეს არ არის კონკრეტულ ადამიანზე საუბარი.

საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც არ იყოს პარლამენტის წევრი, ასეთი შეტევის პირობებში, შესაძლოა გამოვიდეს წყობილებიდან. მითუმეტეს, თუ არც მთავრობის დამტკიცებას უჭერს მხარს, მითუმეტეს თუ მათ პოლიტიკურ ლიდერს უდგება თავდებად, როდესაც პარლამენტში ამ თემის განხილვა იყო.

ანუ შეტევა იყო მთავარი ამოცანა და არა იმის გარკვევა, რა პოზიცია ჰქონდა ემზარ კვიციანს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, გინდ მელიასთან დაკავშირებით და გინდ მთავრობის დამტკიცების თემასთან დაკავშირებით. ამ შეტევიდან წარმოშობილ გარკვეულ დაძაბულობას სამწუხაროდ, მიაღწიეს კიდეც. რა თქმა უნდა მოთმინება საჭიროა, როცა შედიხარ ასეთ პოლემიკაში, მაგრამ ასეთი შეტევა ადამიანზე სასტვენებით, გინებით პატარა ბავშვების მხრიდან – ეს არის გამიზნული ქცევა იმის პროვოცირებისათვის, რაც მოხდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ემზარ კვიციანთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიამ კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, სადა ერთმანეთისგან იქნება გამიჯნული, რა არის შეურაცხყოფა და რა არის გამოხატვის თავისუფლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...