ვოლსკი: ოთხმეზურის მკვლელობისთვის ნასამართლევი პირის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ნასამართლევი პირის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა.

გია ვოლსკის აზრით, აუცილებელია, შეწყალების თემა დარეგულირდეს, რადგან არ შეიძლება, ამ ასპარეზზე ადამიანმა, პრეზიდენტმა, ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდრე პრინციპები არ ჩამოყალიბდება, შეცდომებისგან, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინ არის დაზღვეული.

მისივე თქმით, მიაჩნია, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ნასამართლევი პირის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა.

„ზოგადად, შეწყალება კარგი ფაქტია, მაგრამ წარმომიდგენია ისეთი ადამიანის შეწყალება, რომელიც მუხლებზე არის დაცემული, შეწყალებას ითხოვს, მონანიებული აქვს ყველაფერი და ამის გარდა, დაზარალებული მხარეც წინააღმდეგი არ არის, რომ შეწყალება მოხდეს. მხედველობაში მაქვს მძიმე დანაშაულებები, მძიმე, რომელიც ლეტალურ შედეგთან არ არის დაკავშირებული. ამ თემაზე შეკითხვა მაქვს და ვფიქრობ, რომ ამ სფეროს დარეგულირება მალე უნდა მოხდეს“, – თქვა გია ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ცნობისთვის: 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად