ვოლსკი ნადირაშვილზე: თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი კუპრავას ცემა, სწორედ ის პარტიაა, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც  გამოეხმაურა ირმა ნადირაშვილის ბრალდებას, თითქოს ზვიად კუპრავაზე თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზატორობით მოხდა.

როგორც გია ვოლსკიმ  განმარტა, ზვიად კუპრავამ თავისი რესურსი ამოწურა და ოპოზიციამ მისი ცემა სათავისოდ გამოიყენა.

„ადამიანი, რომელმაც დიდი ალბათობით პარლამენტში ქიმიური ნივთიერება მოასხა და ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, გამოვიდა და კატეგორიულად მოითხოვა, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და ნუ დავადებთ ხელს, იმის მიუხედავად, რომ ვიდეოზე ჩანს, ვინ არის ორი სკუნსი. ამავდროულად, დღეს გამოდის და უაპელაციოდ აცხადებს, რომ ზვიად კუპრავას, რომელმაც თავის მარგი ქმედების კოეფიციენტი ამოწურა, თავს დაესხა ხელისუფლებაში მყოფი ძალა. ეს ადამიანი ხელს იშვერს იმ ხელისუფლებისკენ, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს, ვიდრე მის პარტიას ჰქონდა ჰქონდა. თუ ვინმეს აწყობდა დღეს ასეთი განცხადებების გაკეთება და მით უმეტეს, გამოუსადეგარი კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს. აქცია აღარ არის, სარალიძის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, ის „კაა” და კუპრავა აღარავის ახსოვს. იფიქრეს, მოდი ვცემოთ მაინც და “ქართულ ოცნებას” დავაბრალოთო,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად