ვოლსკი: მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკური კონიუნქტურა შავი ზღვის რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში ყალიბდება  ორი ქვეყნის: საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, ამ ფორმატში თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით და, ამდენად, გაურკვეველია ის ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, კონკრეტულ დანაშაულებებში სასამართლოს მიერ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნით.

„მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, მაინც, თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, გარკვეული ხინჯი შეიტანა რასაკვირველია ორმხრივ ურთიერთობაში, ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, მიუხედავად იმისა თანაც, რომ იგი არის კონკრეტულ დანაშაულებებში სასამართლოს მიერ ბრალდებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბევრი შეუსაბამობაა,  თვითონ პოზიციის არარსებობაც, “ნაციონალური მოძრაობის” გაუგებარი ჟივილ-ხივილი ამ დანიშვნით, მაღალ თანამდებობაზე პოლიტიკური სპექტრის მიერ ასეთი მკაცრი უარის თქმა,  ამან ყველაფერმა განაპირობა ის აუცილებლობა, რასაც ჰქვია ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევა.

„როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს თავისი საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების და ქვეყნების მიმართ. პოლიტიკური კონიუნქტურა შავი ზღვის რეგიონში და, ზოგადად, მსოფლიოში ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით და ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა არის განპირობებული გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით, და ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის, რა შედეგი დატოვა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებამ: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა – აი ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი, რასაკვირველია, იმ ურთიერთობისა, რომელიც ჩვენ დღესდღეობით ჩამოგვიყალიბდა და სერიოზულად აყენებს ჩრდილს სწორედ იმ საერთაშორისო ფორმატს, რაც აღვნიშნე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად