ვოლსკი: მაჩალიკაშვილი ზოგადად, სახელმწიფო დაწესებულებებში არ უნდა დაუშვან ამ პერიოდში

“მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო დაწესებულებებში არ უნდა დაუშვან ამ პერიოდში, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას”. – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტთან დღეს მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა და განმარტა, რომ თინა ბოკუჩავას ქმედებები დამაზიანებელია და სხვა ქვეყანაში შესაძლოა, უფრო მკაცრი გადაწყვეტილებაც კი მიეღოთ.

„საერთოდ, პარტიული ბრიფინგები ჩვენ არც ერთხელ არ ჩაგვიტარებია პარლამენტში, პარტიის ოფისში ტარდება, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები. პარლამენტის წევრია თინა ბოკუჩავა, მას პარლამენტში შემოსვლის უფლება აქვს.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, სრულიად პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე, სამწუხაროდ, ემოციაც მახრჩობს ხოლმე, როცა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილს და მით უმეტეს ესეთ ტრაგიკულ გარემოებებში ვხედავ, მაგრამ იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვა ამ პერიოდში, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა და დაემარცხებინა.

ეს ფაქტი მოხდა, რეალურია, კავშირები დადასტურებულია, ახლა ჯერი სასამართლოზეა, რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში იმ ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს დედაქალაქში. თინა ბოკუჩავას და სხვების პოზიცია ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ემოციური არის, მინდა მჯეროდეს, რომ ემოციურია, მაგრამ ფაქტობრივად იმდენად დამაზიანებელია, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაცილებით მკაცრი გადაწყვეტილებებიც მიეღოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, თინა ბოკუჩავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგის ჩასატარებლად შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადგილზე მობილიზებულია პოლიციამ არ შეუშვა, რის შემდეგაც მალხაზ მაჩალიკაშვილი წაიქცა და ცუდად გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ავტომობილში გაუწიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად