ვოლსკი ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე: შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე ნიშნით ქედის მოხრას

“არ მგონია კითხვები განსხვავებული მქონდეს, უბრალოდ ამ კითხვების ტონალობა და პათოსია განსხვავებული. ისე ურტყამენ მუშტს მაგიდაზე, გეგონება, სიკეთე მოუტანეს საქართველოს რომელიმე თავისი მოქმედებით, რუსეთთან ურთიერთობაში ან საერთაშორისო ასპარეზზე, ყველაფერი დაარღვიეს აბსოლუტურად, მოგვიყვანეს ამ სიტუაციამდე”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ოპოზიციიის მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის პარლამენტში დაბარებას უკავშირდება.

უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ დავით ზალკალიანი პარლამენტში უნდა მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას, ან საერთაშორისო კონტექსტიდან ქართული მხარის ინტერესების ამოვარდნას.

„არ მგონია, რომ დავით ზალკალიანმა განმარტებებს რაიმე დააკლო, როცა შეხვედრაზე საუბრობდა. ინიციატორზე ათასჯერ არის კითხვა დასმული. საქართველოს თემა და პრობლემა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთერთი სეგმენტი გლობალური ფორმატის დაპირისპირების. თუ ვამბობთ, რომ შეხვედრა და მოლაპარაკებაა საჭირო, ეს არ არის დაცილებული იმ პოზიციასთან, რასაც საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ჰქვია. ამ შემთხვევაში, საკითხის გაპრიმიტიულება: შეხვედრა ვინ მოითხოვა, ეს არის პოლიტიკური თამაშის ერთერთი ასპექტი. შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე ნიშნით ან ქედის მოხრას, ან მითუმეტეს, საერთაშორისო კონტექსტიდან ჩვენი ინტერესების ამოვარდნას.ოპოზიცია რა სისულელეებსაც ამბობს, პასუხს არ გავცემ. პრობლემა არსებობს და ორი გზით გვარდება: ან შეირაღებული გზით, ან მოლაპარაკების. საერთაშორისო ასპექტი მობილიზებულია, რათა დაძაბულობა როგორმე შევამციროთ. რაც შეეხება ფრენებს, პასუხი არ მაქვს, შეიძლება, უფრო მეტი ინფორმაცია დავით ზალკალიანს უახლოეს მომავალში ჰქონდეს, რომელიც პარლამენტში აუცილებლად უნდა მოვიდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად