ვოლსკი კინოთეატრში დაგეგმილი ფილმის ჩვენების ჩაშლაზე: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წესრიგი

ამ შემთხვევაში, ყველაზე სწორი არის კანონის მიხედვით მოქმედება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წესრიგი.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დაანონსებული მხატვრული ფილმის პრემიერაზე დაგეგმილი საპროტესტო აქციების კომენტირებისას განუცხადა.

“პირადად ჩემი განწყობა არის ის, რომ მკაცრად უნდა დავიცვათ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თანაც არანაირად არ ვუჭერ მხარს ასეთი ფილმებით გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას. არსებობს დამკვიდრებული, ტრადიციული ურთიერთობები საზოგადოებაში და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ახლახან იყო ავსტრიაში ასეთი შემთხვევა, სადაც ავსტრიის ხელისუფლებამ შესაბამისად იმოქმედა და არა მგონია, რომ ამას აგრესია უნდა მოჰყვეს.

არსებობს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც განსხვავებული აზრი გააჩნია და ჩვენ თუ ერთ მხარეს ვუჭერთ მხარს, მეორე მხარესაც საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ის ბალანსი, როდესაც სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქრება. ამ შემთხვევაში, ჩემი პირადი განწყობები არაფერ შუაში არ არის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წესრიგი”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად