ვოლსკი: ია კერზაიას საკითხთან ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის ია კერზაიას საქმესთან დაკავშირება, პოლიტიკური სპეკულაციაა.

„ღია საზოგადოება ვართ, სამართლებრივი სისტემა არსებობს და შესაბამისი კონვენციის წევრებიც ვართ. აქედან გამომდინარე, სტრასბურგი ვერ იქნება მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდება. ამ საკითხთან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება არის პოლიტიკური სპეკულაცია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

არც ეხება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლო გაყოფის საკითხს, გია ვოლსკიმ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს.

„თუ მსჯელობის საგანი იქნება სამინისტროს გაყოფა, ვფიქრობ, რომ კულტურისა და სპორტის სფეროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არავის დაუმალავს, რომ ასეთი მოსაზრებები არსებობს, რადგან დარგს ყურადღება სჭირდება. თუ ამისთვის ცალკე უწყება იქნება საჭირო და ამ აზრისკენ ბევრი იხრება, გადაწყვეტილებაც შესაბამისი უნდა იყოს, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა ჰქონდეს ბიუჯეტზე, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. სხვა ცვლილებებზე საუბარი არ არის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად