ვოლსკი: გერმანული საზოგადოება საქართველოსთან უფრო სიღრმისეული ურთიერთობისთვის მზად არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, გერმანიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთან სიღრმისეული ურთიერთობისთვის მზად არის არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, არამედ გერმანული საზოგადოებაც.

“ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება. საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა საშუალება, თავისი დამოკიდებულება გამოეხატა საკითხების მიმართ. შტაინმაიერმა საკმაოდ სიღრმისეული ცოდნა გამოიჩინა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები იქნება უფრო ფართომასშტაბიანი, უფრო სიღრმისეული და გერმანული საზოგადოება მზად არის ამისთვის და არა მხოლოდ პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ვფიქრობ, კარგი, საქმიანი შეხვედრა იყო”- განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ​ი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

ოფიციალური შეხვედრები კი, დღეს დილიდან დაიწყო. შტაინმაიერი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გაიმართა მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატშიც. პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, გერმანიის პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელიც საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად სტუმრობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიღებს. გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.

ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად