ვოლსკი: დავით ბერძენიშვილი ცდილობს, პოლიტიკურ ზედაპირზე ფართხალით ყურადღება მიიქციოს

ამის შესახებ გია ვოლსკიმ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის დავით ბერძენიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვით, “ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები ადასტურებს, რომ ბევრი სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, თავდაყირა დგება”.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით ბერძენიშვილი ცდილობს, პოლიტიკურ ზედაპირზე ფართხალით ყურადღება მიიქციოს.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით ბერძენიშვილი ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ეს კომენტარები მას პოლიტიკურ ველზე დარჩენაში ეხმარება.

“როდესაც იგი დააკავეს, მერე თავზე ნაცარი წაიყარა და შემდეგ უცებ გაუშვეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად. ეს ერთი თემაა და მეორე თემაა მისი შეტევაში მონაწილეობის მიღება პარლამენტში შესაჭრელად და მისი განცხადებები, რომ პარლამენტი არ არსებობს და ძალაუფლება ხელში უნდა აიღონ. ეს ორი სხვადასხვა საკითხია და ამ ორ საკითხს შორის არის კიდევ უშველებელი ტირადები, რომელიც ოქრუაშვილმა, როგორც საკუთარი თავისთვის ზარალის მისაყენებლად თუ სხვა რაიმე მიზეზით მთელ საზოგადოებას მოასმენინა.

დავით ბერძენიშვილმა, რასაკვირველია, გადაწყვიტა, რომ რაღაც პოლიტიკურ ზედაპირზე ფართხალით ყურადღება მიიქციოს და ეს ალოგიკური განცხადებები მას ნამდვილად ეხმარება ამაში,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის: ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2014 წელს ის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დალაგებას შეეცადა და შუამავლად მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოიყენა.

ოქრუაშვილის თქმით, ივანიშვილმა მას მალევე უპასუხა, რომ მაშინდელ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან მისულიყო და ჩვენებები მიეცა. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, ის მართლაც მივიდა პროკურატურაში და რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ჩვენება მისცა. სწორედ ამ განცხადებას გულისხმობს დავით ბერძენიშვილი, როცა ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად არის გამოყენებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...