ვოლსკი ბოკერიას ინიციატივაზე: თანხებისა და ციფრების რახარუხი რაღაც დაპირისპირების გარკვეულ მინიშნებებზე არის აგებული

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივებში ისევე, როგორც ცალკეული ოპონენტების გამონათქვამებსა და განცხადებებში მაინც დიდი დოზით იგრძნობა პოლიტიკური კონიუნქტურის გამოყენების სურვილი.
ასე გამოეხმაურა  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ევროპული საქართველოს” წევრის გიგა ბოკერიას მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ საკარანტინო ადგილები გააორმაგოს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ, კომპენსაცია გადაუხადოს.

გია ვოლსკის თქმით, როცა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, გარკვეული ციფრების დასახელება, მხოლოდ სპეკულაციაა და სხვა არაფერი.

„რთული მდგომარეობაა. თანხებისა და ციფრების ასე რახარუხი არათუ რეალობასთან არის ახლოს, არამედ რაღაც დაპირისპირების გარკვეულ მინიშნებებზე არის აგებული, რომ თუ კვირის განმავლობაში ჩვენს თანამოქალაქეებს 600 ევრომდე ვერ გადავუხდით, მას უნდა გაუჩნდეს უკმარისობისა და აგრესიის გრძნობა საქართველოს მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს. გრაფიკი შემუშავებულია, მოქალაქეების გადმოყვანა ხდება და იმ მოქალაქეთა ციფრი დიდია, რომელიც უკვე ჩამოყვანილია და ეს უნდა შეესაბამებოდეს საკარანტინო რესურს, რომელიც საქართველოს გააჩნია. რაც შეეხება ფინანსებს, საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება, რათა მოქალაქეები, ვინც ჯერ ვერ ახერხებს წასვლას, იყოს დაბინავებული და ჰქონდეთ შესაბამისი რესურსი, რომ გამოიკვებონ. რა საკვირველია, საქართველო ყველას ფინანსური რესურსით ერთი ხელის მოსმით ვერ გაწვდება, მაგრამ ფაქტია და ყველა ხედავს, მათ შორის უცხოეთში ჩვენი თანამოქალაქეები, თუ რამხელა ფინანსური, მორალური და ფიზიკური რესურსია ჩადებული იმაში, რომ მათ არ გაუჭირდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით,  ისეთი სახელმწიფო არ არსებობს, რომელსაც გააჩნია რაღაც გარკვეული რესურსი და ამას თავის მოქალაქეებისთვის არ გამოიყენებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად