ვლადიმირ ზელენსკი: ჩემი ამოცანა ყველა პატიმრის დაბრუნებაა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავისი მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ვლადიმირ ზელენსკის განმარტებით, ის “მინსკის პროცესის” გაგრძელებას და დონბასში ცეცხლის შეწყვეტას გეგმავს.

“ამოცანა- ყველა პატიმრის დაბრუნებაა”, – აღნიშნა მსახიობმა და შოუმენმა.

თუმცა, ვლადიმირ ზელენსკიმ ისიც დასძინა, რომ ჯერჯერობით მას ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.

“ვერ შეგპირდებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები სამშობლოში დავაბრუნო”, -განაცხადა ზელენსკიმ.

პირველი ოფიციალური ეგზიტპოლის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ხმათა 73,7% დააგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ ამომრჩეველთა ხმების 26.3%.

დღეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.

უკრაინის მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დააფიქსირეს.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პეტრო პოროშენკომ ხმათა 15.95% მოიპოვა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ – 30% -ზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...