ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან აქცენტი შეტევაზე უნდა გავაკეთოთ და გოლი გავიტანოთ

ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა შვეიცარიაში, ქალაქ სენტ გალენში გაიმართება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს დილით სენტ გალენში ჩავიდა, გამგზავრებამდე კი გერმანიის ქალაქ ბად-ვურისჰოფენში ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა და ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

„რთული სავარჯიშო პირობები იყო გერმანიაში. დღეს სენტ გალენში ვივარჯიშებთ და იმედი მაქვს, გუნდი ხვალ კარგ ფორმაში იქნება. აქცენტი შეტევაზე უნდა გავაკეთოთ. ბოლო ორ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ. ვეცდებით კვლავ შეტევაზე ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ“ – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

„ქართველი ფეხბურთელები, ფაქტობრივად, უმოტივაციოდ არიან და ჯგუფში მე-4 ადგილის ინარჩუნებენ. შვეიცარიის ნაკრებს ჩემპიონატზე მოსახვედრად 3 ქულა სჭირდება და ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტადაა მიჩნეული. „საქართველოსთან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.  მაქსიმალური კონცენტრაცია და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოსთან 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ“ განაცხადა მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გუნდის მოტივაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნაკრებისთვის შვეიცარიელებთან წარმატება მნიშვნელოვანია და გუნდი ეცდება შემტევი თამაშით დაამახსოვროს თავი გულშემატკივარს. „ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაში ვართ. გამომდინარე ბოლო თამაშიდან, განწყობა ცუდი არ არის. ხვალ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და მე ვფიქრობ, რომ შვეიცარია კვლავ ჯგუფის ფავორიტია. ხორვატებთან დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, შვეიცარიასთან კარგი თამაში უფრო საპასუხისმგებლოა“ – განაცხადა ვაისმა.

ხვალინდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლიბებია დაგეგმილი. მწვრთნელმა შეკრებაზე რეხვიაშვილი, არაბული და პაპუნაშვილი გამოიძახა.

„ჯიმი ტაბიძის ტრავმის გამო, დაცვის ხაზის დანაკლისის შესავსებად, რეხვიაშვილის გამოძახება დამჭირდა. პაპუნაშვილს და არაბულს ხორვატიასთან შანსი მიეცემათ თავი გამოიჩინონ და მომავალ ორ შეხვედრაში გაირკვევა, ვინ უკეთ იქნება მზად მარტის უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შვეიცარიის „ლუცერნის“ და საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ნაკრები ხვალინდელი შეხვედრისთვის კარგად არის მომზადებული და მზადაა კარგი ფეხბურთი ითამაშოს. „ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს არაერთი წარმატებული შეხვედრა აქვს ჩატარებული ევროპის საუკეთესო გუნდებთან და შევეცდებით, კიდევ ერთი ასეთი მატჩი ვითამაშოთ“ – განაცხადა ფეხბურთელმა.

ვლადიმერ ვაისმა მოკლედ შეაფასა შესარჩევი ციკლიც და თქვა, რომ ნაკრებში პროგრესი არის და საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს. „არის თუ არა პროგრესი, ფედერაციის ხელმძღვანელობის შესაფასებელია. მგონია, საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს და წარმატების შანსი გვაქვს“ – აცხადებს ვლადიმერ ვაისი.

პრესკონფერენციის შემდეგ ნაკრების ფეხბურთელებმა სენტ გალენის საფეხბურთო არენაზე გამართეს ვარჯიშა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად