ვლადიმერ ვაისი: ანგარიშით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა გუნდმა კარგად ითამაშა

შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1 : 0 დათმო. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია და რომ არა დასანანი შეცდომა, შეხვედრა სხვა შედეგით უნდა დამთავრებულიყო.

“შეხვედრის პირველი 20 წუთი ფეხბურთელები ნერვიულობდნენ. შემდეგ ყველაფერი დალაგდა და თამაშიც გამოვასწორეთ. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. სამწუხაროდ, მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით. გუშინაც აღვნიშნე, შვეიცარია უძლიერესი გუნდი იყო ჯგუფში. წარმატებას ვუსურვებ ვლადიმირ პეტკოვიჩს და მის ნაკრებს” – განაცხადა ვაისმა.

მწვრთნელმა ნაკრების ფეხბურთელების თამაში შეაფასა და რამდენიმე მოთამაშე გამოყო. “თამაშის დაწყებიდან 20-25 წუთში ნერვიულობა დასრულდა და გინდმა აჩვენა თამაში, რომელიც შეუძლია. საუკეთესო იყო დაცვის ხაზი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლორია.

კომპლიმენტი მინდა გავუკეთო ჩემს გუნდს. ანგარიშით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა.

ჯაბა კანკავა შეუდარებელი იყო მოედნის ცენტრში. დავითაშვილმა და ქვილითაიამ კარგად იბრძოლეს. კიდევ ერთხელ გამოვყოფ ლორიას თამაშს. რომ არა ძალიან დასანანი შეცდომა, შეხვედრა სხვა შედეგით უნდა დასრულებულიყო” – აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი აზრით, გუნდის მთავარი პრობლემა საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა: “მთავარი პრობლემა შექმნილი საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა და ამაზე ბევრია სამუშაო. მსაჯებზე კომენტარს არ გავაკეთებ. შეხვედრის პირველ 20 წუთს თუ არ ჩავთვლით, კარგი თამაში ვაჩვენეთ. რთულია შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი თანაბრად ძლიერად ითამაშო.

მარტში უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. მიუხედავად იმისა, მე ვიქნები თუ არა ნაკრების მწვრთნელი, წარმატებას ვუსურვებ ფეხბურთელებს იმ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში” – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ერთი კვირის შემდეგ ფინალურ დაპირისპირებას გავმართავთ კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებულ გუნდს. თუ სად გაიმართება ფინალური მატჩი (პირველ თუ მეორე წყვილს შორის გამარჯვებულის მოედანზე) უეფა ერთ კვირაში,  22 ნოემბერს გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად