ვლადიმერ კაკაბაძე ევროპულ სასამართლოში საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე ევროპულ სასამართლოში საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო გოგუაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ეხება სარჩელს, რომელიც მოსამართლე კაკაბაძემ სასამართლოში ბიზნესმენ ფადი ასლის წინააღდეგ შეიტანა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

ნინო გოგუაძემ ვლადიმერ კაკაბაძეს ჰკითხა, მოახდინა თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ საქმესთან დაკავშირებით მის რეპუტაციაზე გავლენა: „გადაწყვეტილებამ, რაც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მიიღო უზენაესმა სასამართლომ, თქვენზე, როგორც მოსამართლის საჯარო რეპუტაციაზე, რამე გავლენა მოახდინა თუ არა“, – ჰკითხა კაკაბაძეს გოგუაძემ.

ვლადიმერ კაკაბაძემ უპასუხა, რომ ევროპულ სასამართლოში აპირებს ჩივილს.

„ერთ საიდუმლოს ვიტყვი თქვენი კითხვის პასუხად. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ევროპის სასამართლოს მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემ რეპუტაციაზე, ზოგადად, სასამართლო სისტემაზე, სამართლის განვითარებაზე როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება, მე უფლებას ვიტოვებ, ამაზე პასუხი გავცე მაშინ, როდესაც ევროპის სასამართლო იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას“, – განაცხადა ვლადიმერ კაკაბაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად