ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პირველად გამოიყენა გადამწყვეტი ხმის უფლება

ამერიკს შეერთებული შტატების სენატში წარმომადგენელთა პალატის მიერ მოწონებულ ბიუჯეტის შესახებ რეზოლუციას უყარეს კენჭი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში წარმომადგენელთა პალატის მიერ ბიუჯეტის შესახებ 219 ხმით 209 წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის კენჭისყრის პროცესის დროს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პირველად გამოიყენა გადამწყვეტი ხმის უფლება.

სენატში რესპუბლიკელების და დემოკრატების თანაბარი წარმომადგენლობის გამო რეზოლუციის დაბლოკვა რესპუბლიკელებს არ შეეძლოთ, თუმცა მათ უარი არ უთქვამთ პრაქტიკაში დამკვიდრებული vote-a-rama-ს გამოყენებაზე და აიძულეს დემოკრატები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საკითხებზე ეტარებინათ კენჭისყრები.

სენატში ბიუჯეტის შესახებ რეზოლუციის ოფიციალური განხილვისთვის გამოყოფილი დროის შემდეგ რესპუბლიკელებმა მარათონული vote-a-rama გამართეს და სხვადასხვა საკითხის გარშემო 41 სახელობითი კენჭისყრის (vote-a-rama საშუალებას აძლევს სენატორს რამდენიმე შესწორება წარადგინოს, ყოველი ახალი შესწორების შემდეგ კი კენჭისყრა იმართება – „აიპრესი”) და 15-საათიანი დებატების შემდეგ, პარასკევს დილით, ვაშინგტონის დროით 5:30 საათზე გაიმართა ძირითადი კენჭისყრა.

50-მა დემოკრატმა მხარი რეზოლუციას დაუჭირა, 50-მა რესპუბლიკელმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული გადამწყვეტი ხმის უფლებით და დემოკრატებმა 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ შეძლეს წარმოიმადგენელთა პალატის მიერ მოწონებული ბიუჯეტის შესახებ რეზოლუციის სენატში დამტკიცება.

ბიუჯეტის შესახებ რეზოლუცია საშუალებას აძლევს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე განახორციელოს COVID19-თან დაკავშირებული 1,9 ტრილიონ დოლარიანი დახმარების გეგმა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნელსი პელოსის თქმით, 1,9 ტრილიონიანი დახმარების შესახებ კანონს კონგრესი პანდემიის დროს უმუშევრობის გამო დამატებით გათვალისწინებული სპეციალური დახმარებების ვადის ამოწურვამდე, 15 მარტამდე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...