ვიქტორიას შტატი კორონავირუსის ბლოკირების მე-3, შტატის დედაქალაქი მელბურნი კი მე-4 სტადიის ქვეშ ექცევა

ავსტრალიის მოსახლეობის სიდიდით მე-2, ვიქტორიას შტატის პრემიერ-მინისტრმა კორონაშეზღუდვების ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა

პრემიერ-მინისტრმა დანიელ ენდრიუსმა აღნიშნა, რომ განვლილი 24 საათის განმავლობაში ვიქტორიაში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა და ინფიცირება 671 კაცს დაუდგინდა.

გარდაცვალების 7 შემთხვევიდან 6 ხანდაზმულთა სახლში ვირუსის აფეთქებას უკავშირდება. სულ, შტატში კორონავირუსით 123 კაცია გარდაცვლილი. ამჟამად ვიქტორიის საავადმყოფოებში 385 კაცი, მათ შორის 38 რეანიმაციაში მყოფი, მკურნალობს 6322 აქტიური პაციენტიდან. აქტიურ პაციენტთაგან 1083 ხანდაზმულთა სახლებიდანაა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ 780 შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დაუდგენლობა განსაკუთრებით შემაშფოთებელ გარემოებად და კორონაშეზღუდვების ზომების კიდევ უფრო გამკაცრების ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.

დღეიდან, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან 05:00 საათამდე, მელბურნში იმოქმედებს კომენდანტის საათი და სახლიდან გასვლა მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვინც დროის ამ მონაკვეთში მუშაობს. მელბურნის მაცხოვრებლებს სახლიდან 5 კმ-ის რადიუსში შეეძლებათ საყიდლებზე ან სავარჯიშოდ გასვლა. ოჯახს მხოლოდ ერთ წევრს და დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ექნება უფლება გავიდეს  საყიდლებზე მაღაზიაში.

სწავლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადადის, რესტორნები და კაფეები მიტანით მომსახურებაზე, იკრძალება გასართობი ღონისძიებები, გოლფი, თევზაობა და ა.შ. სავარჯიშოდ გასვლა სახლიდან 5 კმ-ის რადიუსში და მხოლოდ ერთი საათის განმავლობაშია დაშვებული. დასაფლავების ცერემონიალს წარმმართველ პირებთან ერთად მხოლოდ 10 კაცი შეიძლება დაესწროს. ქორწილები მელბრუნში აკრძალულია და გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება და ამის გამო იმსახურებს თანაგრძნობას.

არ არის აკრძალული ახლო პარტნიორის მოსანახულებლად გასვლა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი სახლიდან 5 კმ-ზე მეტი დაშორებით ცხოვრობს.

მთავარი სანიტარულ ექიმ ბრეტ სატონის თქმით, ახლა მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ სრული სერიზულობით აღიქვას შექმნილი სიტუაცია. ჩვენ მარცხისთვის ვიქნებით განწირული, თუ ჩავთვლით, რომ შეზღუდვებს ერთი-ორი დღე უნდა დავემორჩილოთ და არა მომდევნო სამი კვირის განმავლობაში.

შეზღუდვების მესამე ეტაპის დროს საავადმყოფოებზე დაწოლა შემსუბუქებული იყო იმის გამო, რომ ინფიცირებულთა 53% შეადგენდნენ 15-დან 40 წლამდე ასაკის პაციენტები. უკანასკნელ დღეებში ინფიცირების შემთხვევის მკვეთრი მატების შედეგად გაჩნდა საშიშროება, რომ გაიზრდება დაწოლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე.

ვიქტორიას შტატში კორონაბლოკირების მე-4 ეტაპი მხოლოდ დედაქალაქს, მელბურნს მოიცავს, შტატის დანარჩენი ტერიტორია კი ხუთშაბათიდან გადადის კორონაბლოკირების მე-3 ეტაპზე. ხელისუფლება განმარტავს, რომ თანდათანობით დააზუსტებს იმ შეზღუდვების ჩამონათვალს, რაც, სპეციალისტთა აზრით, კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად არის აუცილებელი. შეზღუდვები 6 კვირის ხანგძლივობით არის შემოღებული.

სულ, ავსტრალიაში, კორონავირუსით ინფიცირების 17895 და კორონავირუსით გარდაცვალების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების 60% ვიქტორიას შტატზე, ძირითადად კი მის დედაქალაქ მელბურნზე მოდის.

მომზადებულია პორტალ abc.net.au-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად