ვიქტორ დოლიძე: აქამდე, ნატოში გასაწევრიანებლად MAP-ი ყველა ქვეყანას დასჭირდა

სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ დრო აჩვენებს ნატოში გასაწევრიანებლად დასჭირდება თუ არა საქართველოს სამოქმედო გეგმა. 

დოლიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უელსისა და ვარშავის სამიტების საბოლოო კომუნიკეში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

„უელსის სამიტის შემდეგ ჩვენ გვაქვს შემოღებული შინაარსობრივად ძალიან კარგი პაკეტი. თუკი ნახავთ უელსისა და ვარშავის სამიტების საბოლოო კომუნიკეს, იქ პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ბუქარესტის სულისკვეთება გრძელდება და საქართველო დიახ, გახდება ნატოს წევრი. ჯერჯერობით ასეა, რომ ყველა ქვეყანამ გაიარა სამოქმედო გეგმა, სანამ გადავიდოდა გაწევრიანების პროცესზე. როგორ მოხდება ჩვენ შემთხვევაში ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, ნატოს მომავალი სამიტი ზაფხულში, ბრიუსელში გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ იგი შიდა ნატოს სამიტი იქნება, სადაც აქცენტი ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტისა და ნატოს წევრი დანარჩენი სახელმწიფოების გაცნობას დაეთმობა. დოლიძემ იმავე ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ მიზეზების გამო საქართველო სამიტში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებს, რასაც ოპოზიციისა და ექსპერტთა წრეების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პრეზიდენტის სახელით განცხადება უშიშროების საბჭოში გააკეთეს, სადაც განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იყოს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად