ვიეტნამში, ტაიფუნ “ნოულის” შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ “ნოულმა”, რომელიც შაბათ-კვირას ვიეტნამის ცენტრალურ პროვინციებს დაატყდა თავს, ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, 112 კი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ბუნებრივი კატასტროფების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ საკოორდინაციო კომიტეტში განაცხადეს.

ტაიფუნმა ძლიერი კოკისპირული წვიმები გამოიწვია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, რამაც მრავალი ქუჩისა და მაგისტრალის დატბორვა გამოიწვია, ხოლო 6 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწა დაიტბორა. ქარიშხალმა, რომლის სიჩქარემ 100 კმ/სთ-ს მიაღწია, დააზიანა 22 ათასზე მეტი კერძო საცხოვრებელი კორპუსი, ჩაწყვეტილია ელექტროგადამცემი და საკომუნიკაციო ხაზები. კომიტეტის მონაცემებით, სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა პროვინცია ტიატიენ-ჰუე. იქ ოთხი ადგილობრივი მკვიდრი გარდაიცვალა.

ბოლო დღეების განმავლობაში, სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები არ შეწყვეტილა დაზარალებულ რაიონებში. სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად მობილიზდა ვიეტნამის სახალხო არმიის დანაყოფები.

“ნოული” მეხუთე ტაიფუნი იყო, რომელიც ვიეტნამს დაატყდა თავს ამ სეზონზე. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტაიფუნებით გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის შედეგად აქ 47 ადამიანი დაიღუპა. 2019 წელს სტიქიამ 133 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 7 ტრილიონ დონგს (302 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად