“ვეცადოთ, ნატოსთვის მზაობა საქმით დავამტკიცოთ, მათ შორის რეფორმებითაც” – ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ. ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთი ადამიანის უფლებებს არღვევს. ამ კონტექსტში მან ნავალნის პატიმრობაზე ისაუბრა, პუტინის პასუხი ამაზე კი ის იყო, რომ როდესაც გუანტანამოს ციხე არსებობს, ადამიანის უფლებებზე მას არ უნდა ელაპარაკონ. ბაიდენმა ასევე ისაუბრა კიბეთავდასხმებზე და უკრაინის თემაზეც, თუმცა მას არაფერი უთქვამს საქართველოზე.

რა მთავარი გზავნილები გაიგო ბაიდენი-პუტინის შეხვედრისგან, იქნებოდა თუ არა საქართველოზე საუბარი და რას უნდა ველოდოთ ნატოს მომავალი სამიტისგან? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საუბრობს:

_ გუშინ გაიმართა ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ბევრ საკითხზე ისაუბრეს, მაგრამ რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ისაა, რომ მან ისაუბრა უკრაინის თემაზე, მაგრამ არა საქართველოზე. რატომ – ეს უკრაინის მუშაობის შედეგია თუ უბრალოდ დღეს უკრაინის ცხელი წერტილები უფრო აქტუალურია, ვიდრე საქართველოს თემა?

_ უკრაინის თემა რომ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული მნიშვნელობის არის მთელი დასავლეთისთვის, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. იქ მიდის ღია ფრონტი, ცხელი ომი, პრაქტიკულად სრულმასშტაბიანი. არავის სჯერა, რომ უკრაინის არმია ებრძვის მეშახტეებს, ეს აბსურდია. ეს პირველი საკითხია და უკრაინის მნიშვნელობა უდავოდ ხაზგასასმელია. ეს არის ევროპის ცენტრში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ამაზე ხაზგასმა ამაზე უდავოდ იქნებოდა.

_ ისე არ გამიგოთ, რომ ვკითხულობ რატომ იყო უკრაინაზე-მეთქი. მე ვკითხულობ იმას, რომ საქართველოზეც ხომ არ უნდა ყოფილიყო?

_ მე ამას უკრაინის თემის გასასამართლებლად კი არ ვამბობ, არამედ ეს თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უკრაინის პრობლემა და ის, რასაც რუსეთი წარმოშობს უკრაინის დესტაბილიზაციაში იქნებოდა დისკუსიის თემა და ამერიკა თავის აზრს გამოხატავდა მკაფიოდ.

მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს თემა იქნებოდა საუბრის თემა.

_ განიხილავდა საქართველოს თემას ორი ქვეყნის ლიდერი?

_ აუცილებლად. არ გამოტანილა ეს თემა ასე ხაზგასმით პრესკონფერენციაზე, ისევე როგორც უამრავი სხვა თემა, რომელიც 3 საათიანი შეხვედრის დროს განხილვის თემატიკაში იყო. არა მხოლოდ საქართველოს ინტერესების გამო, არამედ იმის გამო, რომ აქ რუსეთის პროფილი ჩანს ხაზგასმით. ბატონი ბაიდენისთვის, ბატონი ბლინკენისთვის და ამ პროცესში მონაწილე სხვა მაერიკელი ხელმძღვანელი პირებისთვის, ეს კარგად არის ცნობილი.

_ უნდა ველოდოთ გარკვეულ შედეგებს ამ შეხვედრის შემდეგ მათ შორის საქართველოსთვისაც?

_ მე არ მგონია, რომ პირდაპირი შედეგი ვნახოთ. იმიტომ, რომ უამრავი საკითხი, რომელიც იქ დაისვა არის დასამუშავებელი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, ვფიქრობ, რომ საუბარი საკმარისად საგნობრივი იყო. თემები, რომელიც ჩამოითვალა, უდავოდ იყო დღის წესრიგში და ყველა მათგანზე გამოთქვა თავისი აზრი ამერიკის ადმინისტრაციამ.

_ რაც შეეხება ნატოს სამიტს და იქ მიმდინარე პროცესებისგან რა მთავარი გზავნილი დაინახეთ იმის გათვალისწინებით რომ არ ვიყავით მიწვეულები?

_ სამიტის არმიწვევის გამო წყენის საფუძველი არ შეიძლება გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს იყო ნატოს სამიტი და თავიდანვე გაცხადდა, რომ ნატოს სამიტი იქნება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ფორმატი. ანუ მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ წევრი ქვეყნები. ამიტომ, ჩვენ წყენის საფუძველი არ გვაქვს და არც ის განცხადებაა სწორი, რომ არ მიგვიწვიეს.

_ ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად ითვლება წლევანდელი სამიტი იმ სამიტისა, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს. უნდა ველოდოთ გაფართოების პოლიტიკას და მაპ-ის მინიჭებას საქართველოსთვის?

_ გაფართოების პოლიტიკას და საერთოდ ღია კარის პოლიტიკას თუ ამ სამიტმა მხარი დაუჭირა… მეტის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა. ეს იყო ის მაქსიმუმი, რაც ნატოს წევრებს შეიძლებოდა გაეკეთებინათ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი გავხადოთ ეს. ვეცადოთ შემდგომი სამიტებისთვის გვქონდეს პასუხი ჩვენ საქმიანობით.

_ მათ შორის დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისითაც?

_ რა თქმა უნდა დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, ეკონომიკური და სამხედრო აღმშენებლობის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ ნატოსთან ერთად  მთელი პროგრამა მუშაობს ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების გაფართოებისთვის და ამ პროგრამას სჭირდება რეალიზაცია.

_ გეოპოლიტიკურ კონტექსტში რა მთავარი გზავნილი დაინახეთ პუტინი-ბაიდენის შეხვედრისგან?

_ მომეჩვენა, რომ ბატონი პუტინი შეეცდებოდა მოეპოვებინა ბატონი ბაიდენის კეთილი განწყობა რუსული პოლიტიკისადმი, ხოლო ბატონ ბაიდენს როგორც გამოჩნდა ამოცანად ჰქონდა, რომ ამერიკა არ ღალატობს თავის ფუძემდებლურ პრინციპებს. მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებში და მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. ორივე პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა ამ მიზნებისთვის მიეღწია. შედეგს ალბათ დავინახავთ ცოტა ხანში, როდესაც ორივე ქვეყანაში პირველი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმევა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...