ვერეს ხეობის შესწავლის მიზნით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები – გეოლოგები, არქიტექტორ-ურბანისტები, გეოკონსტრუქტორები და სხვა სპეციალისტები, რათა თითოეულ დეტალზე მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური დასკვნა მომზადდეს.

„სტიქიის შედეგების დროული და ეფექტური აღმოფხვრის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა. ნახევარ საუკუნეზე მეტია, სხვადასხვა ხელისუფლება აკვირდება, თუმცა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ადეკვატურად არ რეაგირებს. ვერე საკმაოდ რთული მდინარეა. სამწუხაროდ, ბოლო მთავრობებმა პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადეს ბუნებას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ამის ნათელი დადასტურება იყო ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და მისი გუნდის გაუგებარი ახირება, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა, თუმცა საბოლოო დასკვნას დაველოდებით. ის, რაც მოხდა ვერეს ხეობაში, არის კატასტროფა და ჩვენ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, რომ შეცდომები აღარ გავიმეოროთ", – განაცხადა პრემიერმა.

უწყებათაშორის კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, თანათავმჯდომარე იქნება თბილისის მერი, ხოლო კომისიის წევრები – ეკონომიკის, ენერგეტიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და თბილისის ვიცე-მერი.

კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს სტიქიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომში იმპლემენტაციის კოორდინაცია; უნდა შეიმუშაოს ერთიანი პოლიტიკა სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების პროექტირების და შედგომში მშენებლობის მიზნით; ასევე, უნდა უზრუნველყოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია.

დადგენილება, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად