ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს

თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ექსპერტებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს. კომისიის წევრები შეჯერდნენ, რომ ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მდინარე ვერე რაც შეიძლება უნდა გათავისუფლდეს იმ გვირაბებისგან, სადაც ის მიედინება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვირაბს აღარ გავაკეთებთ, ხიდის კონსტრუქციაზე ვიმუშავებთ და ძირითადი საინჟინრო გადაწყვეტილება ამაზე იქნება  ორიენტირებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით,  სპეციალისტები მდინარე ვერეს ხეობას საწყისი წერტილიდან შეისწავლიან და კვლევას ჩაატარებენ. პარალელურ რეჟიმში აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთი.

„გზის აღდგენა უნდა მოვახერხოთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, რათა მოძრაობა იქნას გახსნილი და პარალელურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. გაკეთდება ტრანსპორტისა და მარშრუტების სქემა, რათა ამ კვლევაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი მდინარე ვერეზე დამცავი დამბის გაკეთება და წყლის ნაკადების და მოცულობის რეგულირება იყო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, დღევანდელ სხდომაზე შეჯერებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია ხვალიდან დაიწყება და შესაბამისი სამსახურები დავალებებს მიიღებენ.

 

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება.“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად