ვენეციაში გერმანელი ტურისტები ქუჩაში ყავის მოდუღების გამო დააჯარიმეს და ქალაქიდან გააძევეს

იტალიის ქალაქ ვენეციაში მყოფ გერმანელ ტურისტებს ქუჩაში ყავის მოდუღება მეტისმეტად ძვირი დაუჯდათ.

ვენეციის ხელისუფლების ცნობით, ორმა, 32 და 35 წლის ასაკის, ბერლინელმა, ზურგჩანთიანმა ტურისტმა, ვენეციის შუაგულში, დიდი არხის ოთხი ხიდიდან ყველაზე ძველი, რიალტოს ხიდის უკანასკნელ საფეხურებზე, ქურაზე ყავის მოდუღება მოინდომა.

ქუჩაში გამვლელმა ვენეციელმა ეს შენიშნა და პოლიციას აცნობა. ადგილზე დაუყოვნებლივ მისულმა პოლიციამ ტურისტები, რომლებმაც, როგორც გაირკვა, ღამეც იქვე გაათენეს, 950 ევროთი დააჯარიმა და მათ ქალაქის დატოვებაც მოსთხოვა.

ვენეციას ყოველწლიურად 30 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ქალაქის ხელისუფლება ცდილობს იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქალაქი დაიცვას და გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ტურისტების მოზღვავების შესაჩერებლად. შარშან, დეკემბერში, მოკლევადიანი ტურისტებისთვის ქალაქში შესასვლელი გადასახადი დააწესეს 10 ევროს ოდენობით. ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვებია დადგენილი: აკრძალულია ისტორიულ ადგილებში პიკნიკების მოწყობა, ქუჩაში წელს ზემოდ შიშველი, პერანგის გარეშე სიარული და სხვა.

“ვენეციას პატივი უნდა ვცეთ”, ვენეცია “ყოველთვის ღიაა და იწვევს ყველას, ვისაც მისი მონახულება სურს და ამავე დროს, ჩვენ შეუდრეკლები ვიქნებით მათ მიმართ, ვისაც სწამს, რომ შეიძლება მოვიდეს და მოიქცეს ისე, როგორც სურს”, – ამბობს ვენეციის მერი ლუიჯი ბრუგნარო.

აუწყებს რა მკითხველს ვენეციაში, ღია ცის ქვეშ, ყავის მოდუღების გამო, გერმანელი ტურისტების დაჯარიმების შესახებ – კაცის 650 ევროთი, ქალის კი 300 ევროთი, გერმანული პრესა მკითხველს შეახსენებს, რომ იტალიაში სხვა, საინტერესო საფუძვლის მქონე ჯარიმებიც არსებობს.

წინა კვირას, ტრიესტში, ქალაქის პოპულარულ პლაჟზე, ავსტრიელი ტურისტი 300 ევროთი იმის გამო დააჯარიმეს, რომ მან ორ ხეს შორის ჰამაკი გააბა და ეს მწვანე ზონის შესახებ კანონის დარღვევად ჩათვალეს, ხოლო 26 მაისს, რომში, ამერიკელი ტურისტი დააჯარიმეს 450 ევროთი, იმის გამო, რომ ტრევის შადრევანში ჩახტა საცურაოდ.

მასალა მოამზადა რაულა კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...