ვენესუელის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს გეგმავს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან ეროვნული საკონსტიტუციო ასამბლეის თავმჯდომარე, დიოსდადო კაბელოსთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Clarin-ი ავრცელებს.

პრეზიდენტთან საუბრისას კაბელომ ვიეტნამსა და ჩრდილოეთ კორეაში ვენესუელის დელეგაციის ვიზიტი განიხილა, რომელიც გასულ კვირას შედგა.

როგორც ნიკოლას მადურომ აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ ვიზიტის დროს ვენესუელა ჩრდილოეთ კორეასთან  სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიულ სექტორში ”უზარმაზარი” შეთანხმებების მიღწევას შეძლებს.

”ძალიან მალე ჩრდილოეთ კორეაში გავემგზავრები, დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე გააღეთ კარი, გზა და ჩვენ მალე წავალთ”, – დასძინა მადურომ.

ვენესუელის დელეგაცია აგრეთვე ვიეტნამს ეწვია, სადაც ასევე “მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები” გაფორმდა.

სექტემბერში ნიკოლას მადურო რუსეთში იმყოფებოდა. ის 25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მადუროს თქმით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა დეტალურად განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის ყველა სფერო და ასახეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად