“ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობას პირდაპირ ვაკისრებ მოქმედ ხელისუფლებას”

 იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით "აიპრესთან" კომენტარს აკეთებს "პატრიოტთა ალიანის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი

"იური ვაზაგაშვილის ტრაგედია ეს არის თითოეული ჩვენგანის ტრაგედია, რომლებიც ბოლო 10 წლის მანძილზე ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს. ბატონი იური იყო ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი უფროსი მეგობარი, ძალიან თბილი და წესიერი ადამიანი. შემძრა დღეს მომხდარმა ფაქტმა. ესაა კლასიკური ტიპის ტერორისტული აქტი. ეს არის გამოწვევა ჩემიც, თქვენიც, ჩვენი საზოგადოების, რომელსაც უთხრეს, რომ გაანადგურებენ. და ვინ იცავს საზოგადოებას? ვინ იცავს ირმა ინაშვილს, ია მეტრეველს, ჯამბულ გამცემლიძეს?"

ირმა ინაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას:

„ჩვენ 2 წელია ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. ხელისუფლება კი, გვეუბნებოდა, რომ საჭიროა კოჰაბიტაცია. გვარწმუნებდა იმაში, რომ ვცდებით… რომ თითქოს აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, მიღება და აღიარება. ესაა გამოუსწორებელი შეცდომა. სამართლიანობის აღდგენა ქართველი ხალხის უმთავრესი მოთხოვნაა. დემოკრატია არ ნიშნავს განუკითხაობას, დაუსჯელობას, ქაოსს. ამიტომ მე ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე პასუხიმგებლობას პირდაპირ ვაკისრებ მოქმედ ხელისუფლებას. მის პირველ პირებს, რომლებიც 2 წელია კოჰაბიტაციაზე საუბრობდნენ. ისინი იცავდნენ და იცავენ მკვლელებს და არა მოკლულთა და მათი ოჯახების ინტერესს. და დღეს სახეზე დიდი ტრაგედია გვაქვს. იური ვაზაგაშვილი იყო გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, მებრძოლი ადამიანი. მისი მკვლელობა გამიზნულია საზოგადოების დაშინებაზე. ვშიშობ,  ამ ფაქტს სხვა მკვლელობებიც არ მოჰყვეს, რასაც არ გამოვრიცხავ, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ: ან გამოფხიზლდეს და დასაჯოს დამნაშავეები, ან დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სხვა გამოსავალს , უბრალოდ, ვერ ვხედავ."

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად