ვატო წერეთელი: ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების პატიებას, მაგრამ რა ვუყოთ ორმაგ სტანდარტებს?!

“როგორ გავიგოთ ეს ამბავი, თუ არა სადამსჯელო ღონისძიება? ამ მეთოდით გაგვაჩერებთ, თუ გავლენას მოახდენთ ჩვენზე? 55 მილიონი vs 100 ათასი”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში ტელეკომპანიების საბიუჯეტო გადასახადებთან დაკავშირებით წერს:

“55 მილიონი შეიძლება აპატიო, მიმდინარე 100 ათასზე კი უკომპრომისო უნდა იყო და საახალწლო დღეებში სადამსჯელო ბერკეტად გამოიყენო. ორი კვირაც არ უნდა ადროვო. სასწრაფოდ გაამზადო წერილი და გამოგზავნო ტელევიზიებში, რომლებიც შენს კონტროლს არ ექვემდებარებიან. 55 მილიონი შეიძლება, მოაკლო ჯარს, პოლიციას, სოციალურად დაუცველებს და მთელ ქვეყანას, 100 ათასი კი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ 1 დღე უნდა დაუტოვო ტელევიზიას. ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების პატიებას, პირიქით, 5 წელია პირნათლად ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. რა ვუყოთ ორმაგ სტანდარტს ? როგორ გავიგოთ ეს ამბავი, თუ არა სადამსჯელო ღონისძიება? ამ მეთოდით გაგვაჩერებთ, თუ გავლენას მოახდენთ ჩვენზე? 55 მილიონი vs 100 ათასი”, – წერს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ ტელემაუწყებლების დავალიანებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ტელეკომპანიებს დავალიანების დასაფარად დრო დღეს, დღის ბოლომდე მისცა. განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, ვის რამდენი აქვს დავალიანება.

მედია და პოლიტიკურ წრეებში კი განსაკუთრებით აინტერესებთ “იმედის” დავალიანება და მიიჩნევენ, რომ ჯერ ამ ტელეკომპანიამ უნდა გადაიხადოს დავალიანება და მერე მოსთხოვოს სხვებს გადახდა.

“აიპრესმა” ფინანსთა სამინისტროს მიმართა კითხვით აქვს თუ არა “იმედს” დავალიანება და რამდენი, რაც სამინისტროში უპასუხოდ დატოვეს. გვითხრეს, რომ ვერცერთი ტელევიზიის დავალიანების შესახებ ვერ გაგვცემენ ხვალამდე პასუხს, ანუ იმ დრომდე, როდემდეც აქვთ ვადა მაუწყებლებს გადასახადების დასაფარად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად