ვაშინგტონმა და თეირანმა პატიმრები გაცვალეს

ვაშინგტონმა და თეირანმა პატიმრები გაცვალეს: შეერთებულმა შტატებმა ირანს ირანელი მეცნიერი მასუდ სოლეიმანი გადასცა, რომელიც მინესოტას შტატში, 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს. ირანმა შეერთებულ შტატებს ამერიკელი სტუდენტი სიუ ვანა გადასცა, რომელიც 2016 წელს ჯაშუშობის საქმეზე დააკავეს.

”მოხარული ვარ, რომ პროფესორი მასუდ სოლეიმანი და სიუ ვანი მალე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან”,-ასე გამოეხმაურა მათ გაცვლას საკუთარ “ტვიტერზე” ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამაში, განსაკუთრებით შვეიცარიის მთავრობას.

ზარიფმა Twitter- ზე ფოტოებიც გაავრცელა, თუმცა სად არის გადაღებული, არ დააკონკრეტა.

გაცვლის ფაქტი  ვაშინგტონმაც დაადასტურა.

“სამშობლოში კიდევ ერთი ამერიკელი ბრუნდება. სიუ ვანი, რომელიც ირანში სამი წლის განმავლობაში ყალბი ბრალდებით იყო დაკავებული, გაათავისუფლეს და აშშ-ში ბრუნდება. სულ მალე, ვანი მეუღლესა და შვილთან ერთად იქნება”,-დაწერა Twitter-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მთავრობას, რომ ვანის დაბრუნებაში დაეხმარა. როგორც პომპეომ აღნიშნა,  შეერთებული შტატები არ დამშვიდდება მანამ, სანამ ყველა უკანონოდ დაკავებული ამერიკელი პატიმარი სამშობლოში არ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად