ვაშინგტონი ბელარუსის სახელმწიფო კომპანიებს სანქციებს უწესებს

ვაშინგტონი წყვეტს ავიამიმოსვლას ბელარუსთან და ამზადებს ახალ სრულმასშტაბიან სანქციებს ბელარუსის 9 სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც 3 ივნისს ამოქმედდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ ამ ზომებს მიმართავს, რათა “პასუხი აგებინოს რეჟიმს თავისი მოქმედების გამო და დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა ბელარუსი ხალხის მისწრაფებისადმი”.

ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 23 მაისს ლუკაშენკოს რეჟიმმა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა.

25 მაისს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. სანქციების სიაში შევიდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან.

კომენტარები
იტვირთება...