ვაშაძე: რ2 ოლიგარქატის ხელში შეწყვეტს იმ ფუნქციის შესრულებას, რასაც საზოგადოებისთვის ასრულებდა

“ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში და ტელევიზას დავუბრუნებთ მფლობელებსა და საზოგადოებას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ეს ასე იქნება. ე. წ. ქართული ოცნების საათზე 12-ს რამდენიმე წამი აკლია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციის ერთი ნაწილის სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ არასდროს შეგვიტანია ეჭვი ევროპული სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენ სახელმწიფოში არსებულ ვითარებას და ალბათ იმასაც როგორ ისარგებლებდა ე. წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით. შედეგად ვღებულობთ იმას, რომ დამოუკიდებელი და ობიექტური და თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას, ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან საგრძნობლად ასუსტებს. ჩვენ ამ წუხილს უერთდება სრულიად სამოქალაქო საზოგადოება, აქ მყოფი ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვითხოვდით, ვთხოვდით ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებას არ გადაეფორმებინა ტელევიზია ე. წ. მფლობელისთვის და დალოდებოდა დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რაც არაერთხელ განახორციელა პოლიტპატიმრებთან მიმართებით. მაგალითად ვანე მერაბიშვილთან მიმართებით. ამის მაგივრად დაჩაქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმდა ქიბარ ხალვაშს და დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი.

ერთი რამე მინდა გითხრათ რუსთავი 2 არ არის კილომეტრებით კაბელები, რუსთავი 2 არ არის მხოლოდ აპარატურა, გადაცემები, სავაჭრო ნიშანი თუ ლოგო. რუსთავი 2 უპირველეს ყოვლისა არის იდეოლოგია და ღირებულებები. ეს ტელევიზია ოლიგარქატის ხელში შეწყვეტს იმ ფუნქციების შესრულებას, რასაც საზოგადოებისთვის ასრულებდა. ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში და ტელევიზას დავუბრუნებთ მფლობელებსა და საზოგადოებას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ეს ასე იქნება. ე. წ. ქართული ოცნების საათზე 12-ს რამდენიმე წამი აკლია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...