ვაშაძე: “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ დააბრუნონ

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავიდან უფასო ავიარეისების განხორციელების საშუალება იყო, თუმცა ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსულტაციები გაიმართოს.

“ორშაბათიდან დაწყებული, არის საშუალება, განხორციელდეს რამდენიმე უფასო რეისი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოვიყვანოთ. ეს რეისები იქნება უფასო. ამ უფასო რეისებისთვის ავიაკომპანიებიც არის უკვე და შესაბამისი სახსრებიც მოძიებულია, მაგრამ ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ავიაკომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტები ოფიციალური ნოტის თანხლებით საჭიროა სასწრაფოდ გადაეგზავნოს იმ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საიდანაც ფრენები განხორციელდება“,- განაცხადა გრიგოლ  ვაშაძე.

მისი თქმით, ავიარეისების მიმართულება და რიგითობა ხელისუფლებასთან კონსულტაციის გზით უნდა განისაზღვროს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, არც ერთ ფიზიკურ პირს და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია მგზავრთა სიები შეადგინოს ისე, რომ სოციალური სამართლიანობა დაცული იყოს.

„იმისთვის, რომ ამ რეისებზე უპირველეს ყოვლისა, ბავშვიანი ოჯახები მოხვდნენ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში სამკურნალოდ იყვნენ ჩასული და განუკურნებელი სენი სჭირთ. ადამიანები, რომლებიც ყველაზე გაუსაძლის პირობებში არიან და წყლის ფული არ აქვთ, ყოველგვარი სახსრებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე არიან დარჩენილი, ეს ხელეწიფება მხოლოდ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოს. თუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუჯერებთ, გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია კეთდებოდა. შესანიშნავია, უფრო ნაკლები დრო დაიკარგება. ამიტომ, საჭიროა გადაუდებელი კონსულტაციების ჩატარება. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას, ისევე როგორც მზად ვიყავით 9 დღის წინ. მზად ვართ დავსხდეთ, გავიაროთ ეს საკითხი, გადავაბაროთ მათ ეს მომზადებული რეისები და შემდეგ განვახორციელოთ ფრენები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ განსაცდელის ჟამს სამშობლოში დავაბრუნოთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად