ვაშაძე: ჩვენი მოთხოვნები რჩება შემდეგი: მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან! პოლიტიკური პატიმრები! წერტილი

“არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა, არავითარი თანხმობა ამ ვითომდა გაკეთებულ წინადადებაზე არ ყოფილა”.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„არ ვლაპარაკობთ არაფერზე, აზრების თავისუფალი გაცვლა იყო. „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა იქეთ, რომ მოხსნა ის თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც ოპოზიციისთვის თეორიულად იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა არ ვიცით. ამიტომ, არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის. არაფორმალური შეხვედრები გაგრძელდება თუ არა, ვერ გეტყვით. მთავარია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნები რჩება შემდეგი: მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან! პოლიტიკური პატიმრები! წერტილი.“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის მოდელს, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს – 110-40-ზე, თუმცა „ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით“.

ცნობისათვის: ხელისუფლებამ ოპოზიციას შერეული საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ: უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად