ვაშაძე: ჩერჩეტმა პარლამენტის თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაჭრილი ბოქლომი მოგვცა

ჩერჩეტმა პარლამენტის თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაჭრილი ბოქლომი მოგვცა -ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია “პალიტრას” ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, როცა ხელისუფლება ხალხთან დაპირისპირებას და მათ მიმართ ძალის გამოყენებას ცდილობს, ის აუცილებლად დამარცხდება.

“როგორი შეცდომა დაუშვა ჩერჩეტმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ბოქლომი გადაჭრა და გადაჭრილი ბოქლომი მოგვცა. ბოქლომს უნდა გასაღები. ხელისუფალი რომ ხარ და ბოქლომის გადაჭრა და ხალხთან დაპირისპირება გინდა, წაგებული ხარ. ხელისუფლება, რომელიც ძალის დემონსტრირებას თავის ხალხზე აკეთებს, ის ხელისუფლება დამარცხებულია”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

18 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აქციის ორგანიზატორებს სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი გადასცა. მისი განმარტებით, ეს იმის სიმბოლოა, რომ ისინი მედიას, ინსტიტუტებს, პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ.

“მათ ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს, ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ, მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო დემოკრატია. ისინი დღეს იგივეს ცდილობენ. დღეს ისინი ცდილობდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მინდა მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას მოქალაქეების, სახელმწიფოს და ღირებულებების მიმართ.

ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ვეღარასდროს ისინი მოქალაქეთა უფლებებს სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს, პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად