ვასაძე: ვთხოვ ქალბატონებს და ბავშვებს სახლში დარჩნენ, ვერის ბაღში მამაკაცებს ვეძახი

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვასაძე თანამოაზრე მამაკაცებს დღეს, ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. ქალებს და ბავშვებს კი თხოვს სახლში დარჩენენ და არ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ შეკრებაში.

ლევან ვასაძე მოუწოდებს საზოგადოებას, კვირა საღამოს, სულთმოფენობის დღესასწაულზე შეიკრიბონ ვერის ბაღში და გაეცნონ სამოქმედო პროგრამას.

„გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს – ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას. გეპატიჟებით ხვალ, 20:00 საათზე, ვერის ბაღში.

ვფიქრობდი, სად შევიკრიბოთ-მეთქი. მე მთაწმინდელი კაცი ვარ, ჩემი უბანი მიყვარს. მერე გადავწყვიტე, რომ ეს მამაჩემის უბანი – ვერა, ძალიან კარგი და სიმბოლური ადგილია კაცების შეყრისათვის. იქ გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა,“ – განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...