ვასაძე: პოლიციელი ღიმილით შეურაცხმყოფდა და წვივებში მირტყამდა ფეხსაცმელს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ვერის ბაღში” შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე, გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას, მადლობა გადაუხადა სამართალდამცავების ნაწილს, თუმცა, იქვე აღნიშნა იმ პოლიციელების შესახებ, ვინც მისი თქმით, სამარცხვინოდ და არაადამიანურად იქცეოდა.

“ჩვენდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, იქ იყვნენ არაადამიანური ქცევის პოლიციელები. მაგალითად, ერთი მათგანი, ლაპარაკის დროს, თვალებში მიყურებდა, ღიმილით შეურაცხმყოფდა და ჟურნალსიტებს რომ არ დაენახათ ისე, მწარედ მირტყამდა წვივებში ფეხსაცმელს. რომ ვუთხარი, რატომ მირტყამ, მე ხომ ხელს არ გირტყამ, რა გვარის ხარ მეთქი, ხელი ამიქნია, გაიქცა და მერე, თავისი ძმა-ბიჭების დასანახად, იქიდან იქაჩებოდა ჩემზე, როგორც არშემდგარი ძველი ბიჭი. ასეთ პოლიციელებს მინდა ვუთხრა: თქვე, მიშა სააკაშვილის გადმონაშთო სამართალდამცველების სირცხვილო, მოვა დრო და თქვენ პასუხს აგებთ ამ არაადამიანური დამოკიდებულებისთვის ადამიანების მიმართ” -განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისათვის: თბილისში, გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

ამასთან, კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად