ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, პორტუგალია დეკემბრიდან კოვიდშეზღუდვებს დააბრუნებს

კოვიდშეზღუდვების გაუქმებიდან 2 თვის თავზე პორტუგალიის ხელისუფლებამ მათი დაბრუნება გადაწყვიტა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების ზრდა შეინიშნება.

1 დეკემბრიდან დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო გახდება. ასევე, რესტორნების, კინოთეატრებისა და სასტუმროების მოსანახულებლად ელექტრონული სერტიფიკატის წარდგენა იქნება საჭირო, რომელიც ადასტურებს ვაქცინაციას ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას. გარდა ამისა, აცრილ მოქალაქეებს მოუწევთ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუ მათ საავადმყოფოებში, მოხუცთა სახლებში, ბარებში სტუმრობა ან სპორტული ღონისძიებებზე დასწრება სურთ.

ამასთან, ხელისუფლება რეკომენდაციას უწევს რეგულარულად ტესტირებას და შეძლებისდაგვარად სახლიდან მუშაობას.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის ანტონიუ კოშტას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ქვეყანაში კორონავირუსის ძლიერი აფეთქება არ არის, საჭიროა მკაცრი ზომების მიღება ზამთარში, როდესაც რესპირატორული დაავადებების რაოდენობა ისედაც იზრდება.

პორტუგალიაში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 18 ათასი ადამიანი დაიღუპა. ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის დაახლოებით 86,6%-მა მიიღო.

კომენტარები
იტვირთება...