ვანო მერაბიშვილი: ბადრი პატარკაციშვილმა გირგვლიანის საქმეზე კორუფციული გარიგება შემომთავაზა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ნიკა გვარამია: გირგვლიანის საქმე- პირადი პრობლემა გქონდათ მათ შორის, ეს არ იყო თანამდებობრივი, შეტევა იყო თქვენი ოჯახის წევრზე. რომელიც იყო იქ, ასეთია ფაქტობრივი გარემოება. ამ საკითხმა როგორ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება და თუ შეცვალა საერთოდ?

ვანო მერაბიშვილი: „ამან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩემი ოჯახის კომფორტს, მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ამის საშუალება, იმისთვის, რომ დარტყმა შემემცირებინა მე არავითარი ზომები არ მიმიღია. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ამის საშუალება, რომ ეს დარტყმა შემემცირებინა
იმისთვის, რომ შემერბილებინა ჩემზე და ჩემი ოჯახისთვის ამე ტიპის მედია დარტყმა და პიარული შეტევა, მე ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს. არ დავლაპარაკებივარ არცერთ ოპოზიციურ წარმომადგენელს, რო მასთან რაიმე გარიგებაში შევსულიყავი ან შეერბილებინათ საკუთარი „ვორდინგი“.
უფრო მეტიც, მე მქონდა შემოთავაზება იმედის ხელმძღვანელობისგან, ბადრი პატარკაციშვილისგან, რომ თუ მე მისი მეგობარი გავხდებოდი, „იმედი“ შეწყვეტდა ყოველდღიურ თავდასხმას. მე აღარ დავინტერესდი ეს რას ნიშნავდა, იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა ერთ რამეს – მე უნდა წავსულიყავი კომპრომისზე და დათმობაზე. ჩავთვალე რომ ეს კორუფციული გარიგება იყო. და ამის მოწმეები არსებობენ”.

შეგახსნებთ, 14 წლის წინ , 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანი მოკლეს.

“ევროპის სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი – ერთობლივად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემზარავ საქმეში,” _ “2011 წლის 26 აპრილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ.”

“რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, იუსტიციის სამინისტრო მსგავსი უბედური შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს”,- თინა ბურჯალიანი. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. 2012 წლის 29 მარტი.

 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მაშინდელი მთავრობის პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.
“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს ხანებში ეს საქმე გაიხსნება და მთელი საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი ამ საზარელი მკვლელობის შემსრულებლები”- ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2006 წლის 28 თებერვალს ს. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული საჯარო გამოსვლისას გააკეთა.
“გაერთიანებული ქართული ბანკის” საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.
ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 12 თებერვალს გასულ გადაცემა “დროებაში“ მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა. “დროების“ ვერსიის მიხედვით სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად “შარდენ ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს, მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს-ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.
ამ ვერსიით, გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო. მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: “მან მკითხა თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ “პედერასტთან”, მიუთითა რა [გურამ] დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური).”
ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ მერსედეს-ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის “ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი” სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.
2006 წლის 6 მარტს, შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ივ. მერაბიშვილმა კვლავ საჯაროდ განაცადა, რომ ს.გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნა პირადად მისი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟის საქმე იყო, და სწორედ ამიტომ, მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქმის გამოძიებას, დანაშაულის გახსნამდე, აწარმოებდა მისდამი დაქვემდებარებული უწყება  (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო).
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენიდან  2-3 დღეში, საქართველოს  პარლამენტის იმჟამინდელიმა თავმჯდომარემ – ნინო ბურჯანაძემ, თავისთან მიიწვია ივ. მერაბიშვილი და მოსთხოვა  ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე  პირების, მათ შორის – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას პასუხისგებაში მიცემა. ივანე მერაბიშვილი, რომელიც  სრულად ფლობდა ინფორმაციას ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას_ ჩადენილ დანაშაულში ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთ შემთხვევაში, მას  თავად მოუწევდა  პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, ანუ  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება.
საქმის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სინამდვილეში, ივანე მერაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური/თანამდებობრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით ახალაიასთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად,  პირადი მოტივით  დაგეგმა და განახორციელა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის  გარემოებების  შესახებ არსებული და მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა, შეცვლა და მათი იმგვარი საპროცესო დამაგრება, რამაც გამოიწვია დანაშაულის შემკვეთებისა და თანაამსრულებლებისათვის გარდუვალი, კანონიერი და ადექვატური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.
“მერაბიშვილისა და სხვა თანამდებობის პირთა შეთანხმებული ქმედებებით განხორციელდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის  გამოძიების ინსცენირება, რომლის მიზანი იყო, ერთის მხრივ, დაეფარათ დანაშაულის ჩამდენი უფრო მაღალი თანამდებობის პირები, მათთან შემხებლობაში მყოფი, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე  და მისი შესაძლო მონაწილეობა დანაშაულში, ხოლო მეორეს მხრივ,  მოეხერხებინათ გ. ალანიას,  ა.აფციაურის, ალ. ღაჭავას და მ. ბიბილურიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მსჯავრდება ჩადენილზე უფრო  მსუბუქი დანაშაულისათვის, მოსალოდნელი სასჯელის ვადისა და პირობების   წინასწარ შეპირებული გარანტიებით.” _ ვკითხულობთ მერაბიშვილის ბრალის დადგენილებაში.
ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ,  2011 წლის 26 აპრილის განჩინებით – “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ,” დაადგინა, რომ გირგვლიანის საქმეზე ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.
ჩადენილი დანაშაულის ამჟამინდელი გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად  ს. გირგვლიანის გვამის აღმოჩენიდან მე-2-მე-3 დღეს,  ქ.თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა მერაბ ბაღათურიამ ივ.მერაბიშვილს პირადად მოახსენა თბილისის კრიმინალური სამსახურების მიერ დადგენილი,  ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, კერძოდ ის, რომ  ს. გირგვლიანს კონფლიქტი მოუხდა”შარდენ ბარში” მყოფ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დ. ახალაიასთან,  შსს პრეს-სამსახურის უფროს  გ. დონაძესთან და მათი სუფრის სხვა წევრებთან,  რის გამოც,  „კუდ“-ის თანამშრომლების მიერ  შემდგომში მოხდა  ს. გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლ. ბუხაიძის  გატაცება. ივ. მერაბიშვილს მოხსენდა,  რომ გამოძიებას ამოღებული ჰქონდა სატელეფონო ამონაწერები, რითაც დასტურდებოდა “კუდ”-ის თანამშრომლების ყოფნა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ოქროყანის სასაფლაოზე. ასევე დადგენილი იყო ავტომანქანა (, რომლის საშუალებითაც ჩადენილი იქნა დანაშაული.
მითითებული ავტომანქანა კი იმ დროისათვის სარგებლობაში ჰყავდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსს გ. ალანიას.ივ. მერაბიშვილს ასევე მოახსენა, რომ “შარდენ ბარში”,  სუფრის წევრებს შორის იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი. მინისტრთან საუბრისას, მ. ბაღათურიასთვის ცხადი გახდა, რომ   ივ.მერაბიშვილმა უკვე  იცოდა საქმის გარემოებები და მ. ბაღათურიას ნაამბობი მისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა.  ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, მისი მინისტრის – ივ. მერაბიშვილისაგან თანხმობას  ითხოვდა  “კუდ”-ის იმ მოხელეების დაკავებაზე, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენა ოქროყანის სასაფლაოზე  დგინდებოდა მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით. თუმცა,  მ. ბაღათურიამ ასეთი თანხმობა ივ. მერაბიშვილისაგან ვერ მიიღო, მიუხედავად ამ საკითხზე მათ შორის გამართული რამდენიმე შეხვედრისა.
მერაბიშვილსა და მ. ბაღათურიას შორის ს. გირგვლიანის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში კვლავ შედგა შეხვედრა, რომელსაც  მათ გარდა, ესწრებოდნენ:  დ. ახალაია და  ვ. სანოძე. საუბრისას, ს.გირგვლიანის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მინისტრის შეკითხვაზე, დ.ახალაიამ უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო.  თავის მხრივ, მ. ბაღათურიამ მოახსენა მერაბიშვილს, რომ გამოძიებას  მოძიებული ჰყავდა პიროვნება, რომელიც ინციდენტის დროს იმყოფებოდა “შარდენ  ბარში” და იძლეოდა ჩვენებას, ბარში მყოფ ს. გირგვლიანსა და  შ.ს. სამინისტროს თანამშრომლებს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე. მოწმე  ადასტურებდა ინფორმაციას, რომ იგი თავად მივიდა ს. გირგვლიანთან და გამოარიდა  დ. ახალაიასა და მინისტრის მეუღლის სუფრას, რითაც შეეცადა მათ შორის კონფლიქტის აღმოფხვრას. მიღებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა მინისტრი და  განმარტება დ. ახალაიასგან მოითხოვა.  მიმდინარე გამოძიების მათ ინტერესებში განვითრებისათვის  პრობლემად წარმოჩინდა “შარდენ ბარში” მყოფი მოწმის – ზაალ ქურციკაშვილის ჩვენება, რომელიც თვითმხილველი იყო  გირგვლიანსა და  ახალაიას სუფრას შორის ინციდენტისა,  რისი გამოაშკარავებაც კატეგორიულად არ შედიოდა   მერაბიშვილის ინტერესებში.
გამოძიებით დადგენილია, რომ  გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მერაბიშვილმა ფაქტიურად მე-2 დღეს დადასტურებულად იცოდა, რომ:
1. დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები; 2. ამ დანაშაულს წინ უსწრებდა ს. გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლ. ბუხაიძის ყოფნა ‘შარდენ ბარში”, სადაც მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად  იმყოფებოდა  მისივე მეუღლე -თამარ მერაბიშვილი,
3. ალბათობის მაღალი ხარისხით, თამარ მერაბიშვილი იყო  “შარდენ ბარში” და ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარი ფაქტის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული ფიგურანტი და როგორც მინიმუმ – მოწმე;  4 ს. გირგვლიანსა და ამ სუფრის წევრებს შორის მოხდა  ინციდენტი,  რაც გახდა მიზეზი შემდგომში ს.გირგვლიანზე  გაუგონარი  სისასტიკით ანგარიშსწორებისა; 5. დ. ახალაია წარმოადგენდა  გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს;
6. ამ დანაშაულის ინიცირებასა  და აღსრულებაში მონაწილეობდა 4-ზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.
ივ. მერაბიშვილმა ასევე იცოდა, რომ პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ოპერატიული დანაყოფებისა და საგამოძიებო სამსახურისათვის (რომელიც იძიებდა  ამ დანაშაულს), ასევე ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ.  სწორედ ამიტომ,  იგი  დ. ახალაიასთან ერთად ეძებდა დანაშაულის დაფარვისა და  მისი არასრული, “იძულებითი” გახსნის გზებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გირგვლიანზე ჩადენილი ძალადობის, მისი სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის საქმის გამოძიების  და მსჯავდრებულთა მიერ სასჯელის მოხდის დროს, განზრახ იქნა დაშვებული არაერთი სიყალბე და კანონდარღვევა, რაც მიზნად ისახავდა   ამ საქმეზე მართლმსაჯულების არგანხორციელებას,   რაც მიღწეულ იქნა.
მიუხედავად იმისა,  რომ ივ. მერაბიშვილმა  იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ მისი უწყების მოხელეები და მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ხოლო საქმის  მნიშვნელოვანი ფიგურანტი მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი იყო, სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქმის ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიების ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მან 37 დღის განმავლობაში  საქმის ე.წ. “გამოძიება” წარმართა მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო დანაყოფის მეშვეობით,  ვინაიდან,  მას გამიზნული ჰქონდა – საქმის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურანტის და მათ შორის – საკუთარი მეუღლის დაკითხვა  მომხდარიყო მისდამი დაქვემდებარებული  უწყების შიგნით და  პირადი  კონტროლის ქვეშ.
2006 წლის 16 თებერვალს, შინაგან საქმეთა თბილისის მთ. სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების
გამომძიებელი, ამავე განყოფილების უფროსის მოადგილესთან ერთად, მათთვის მიცემული დავალებისამებრ, დაკითხვის საწარმოებლად გამოცხადდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის – ვასილ სანოძის კაბინეტში, რომელიც ამავე საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურანტს წარმოადგენდა.
ვ. სანოძის, თ. მერაბიშვილის,  დ. ახალაიას, ვ. მელნიკოვის, გ. დონაძის, თ. მაისურაძის,  ა. კალანდაძის ე.წ. “დაკითხვა” განხორციელდა ვ. სანოძის სამუშაო კაბინეტში ყველა ზემოთ დასახელებული პირის  ერთობლივი მონაწილეობით და  თამარ  მერაბიშვილის მითითებებისა და კორექტირებების ფონზე. დაკითხვა წარმოებდა ერთმანეთის თანდასწრებით და დასაკითხ პირთა პოზიციებისა და მათ მიერ გამოთქმული ფრაზების ურთიერთშეჯერებით, რასაც უსიტყვოდ აფიქსირებდა გამომძიებელი და რომელსაც ზედამხედველობდა  იქვე მყოფი – საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე.
მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ  “შარდენ ბარში” მომხდარი ინციდენტის შემსწრე ზაალ ქურციკაშვილი დადგენილი ჰყავდა იმჟამინდელ გამოძიებას დანაშაულის ჩადენიდან  მოკლე დროში. იგი არაერთხელ შეხვდა საქმის მწარმოებელ გამომძიებელს, რომელმაც იგი მოწმის სახით დაკითხა.  ზ. ქურციკაშვილის ვინაობა და ჩვენების შინაარსი მ. ბაღათურიამ შეხვედრაზე მოახსენა ივ. მერაბიშვილს.  თუმცა, ზ. ქურციკაშვილის ჩვენება აღარ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებში, ასევე არ მომხდარა მისი შემდგომი დაკითხვა  პროკურატურაში  გამოძიების  ეტაპზე. ამ მოწმის მიერ მიცემული განმარტებების საპირისპიროდ, გამოძიება წარიმართა იმ ვერსიით, თითქოს, დ.ახალაიასა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სუფრასთან, გარდაცვლილ ს. გირგვლიანს რაიმე ურთიერთობა ან ინციდენტი არ ჰქონია.
ამდენად, ივ. მერაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დაუთმო საქმე პროკურატურას, რაც  მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო დანაყოფმა პროცესუალურად დაამაგრა თავისივე მინისტრის პირად ინტერესებში მყოფ მოწმეთა ჩვენებები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რაც სინამდვილეში ივ. მერაბიშვილის მეუღლის საქმიდან განრიდებისა და შესაბამისად,  სუფრასთან მყოფი პირების ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარ დანაშაულთან კავშირის არარსებობის დადგენის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, ამგვარი ქმედებებითთ. მერაბიშვილის, დ. ახალაიას, გ. დონაძის, ო. მელნიკოვის და ვ. სანოძის ჩვენებათა შინაარსი ამავე სახით შენარჩუნდა საქმის პროკურატურაში  გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროსაც.
გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმიდან, გამოძიების ეტაპზე ამოღებული იქნა მთელი რიგი საპროცესო დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის შეკვეთით ჩადენას  და იმას, რომ ამ დანაშაულთან კავშირში იმყოფებოდნენ  ივ. მერაბიშვილის მეუღლის თანამესუფრეები.
გამოძიების  პირველივე  ეტაპზე სატელეფონო საოპერატორო ქსელებიდან  მოპოვებული იქნა 10-მდე აბონენტის დეტალური ამონაწერი,  საიდანაც  მხოლოდ  ორი (ს. გირგვლიანის და გ. ალანიას) დარჩა,  ყველა სხვა დანარჩენი, საქმიდან ადრევე იქნა  ამოღებული.
გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმე, 2006 წლის 5 მარტს, ქ.თბილისის იმჟამინდელ პროკურორს გ. ღვინიაშვილს, მისივე მოთხოვნით, სათანადო მიმართვით დაუტოვა საკუთარ კაბინეტში. შემდგომ, აღნიშნული მიმართვის ტექსტი  ასევე შეიცვალა სხვა მიმართვის წერილით,  ვინაიდან  ს.გირგვლიანის საქმეს  გ. ღვინიაშვილისათვის გადაცემის დროს, თან ერთვოდა 3 ლაზერული დისკი: “მაგთის” ანძების მონაცემები; “ჯეოსელის” ანძების მონაცემები და  ბ.პატარკაციშვილის სახლიდან ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც ასახული იყო დამნაშავეთა მოძრაობა ოქროყანის მიმართულებით და უკან. დისკი მოიცავდა ჩანაწერს ღამის 02.00 საათიდან 03.00 საათამდე. საქმეში დღეს წარმოდგენილი მიმართვა აღარ მოიცავს მითითებას ამ დანართებზე და შესაბამისად, საქმეზე დართული ჩანაწერი ამჟამად  არის მხოლოდ 34 წამი.
საქმისადმი საზოგადოების ძალზე მაღალი ინტერესისა და იმის გამო, რომმიუხედავად განსაკუთრებული ძალისხმევისა, მაინც ვერ მოხერხდა  “კუდ”-ის კონკრეტული მოხელეების დანაშაულში მონაწილეობისა და მისი წინაპირობის – „შარდენ ბარში“ მინისტრის მეუღლისა და შ.ს. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების  ყოფნის სრულად დაფარვა,  ივ. მერაბიშვილი იძულებული გახდა დანაშაულის ჩადენიდან ერთი თვის შემდეგ გამოეცხადებინა დანაშულის ე.წ. “გახსნა” კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას ვითომდა “განსაკუთრებული ძალისხმევით”.
2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ ს. გირგვლიანის ჯანმრთელობის დაზიანების სასიკვდილო შედეგით და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია(კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი),ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი)  და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი). თუმცა, პასუხისგებაში მისაცემ პირებთან წინასწარ შეთანხმდა  მათი დაკავების დღე, პირობები, სასჯელის სახე და ზომა. მორიგების თანახმად, სასჯელის ზომა თითოეული მათგანისათვის არ იქნებოდა  წელიწადნახევარზე მეტი.  ამასთან, დასაკავებელ პირთა მონაწილეობით, წინასწარ, უკანონოდ განხორციელდა შემთხვევის ადგილების: “შარდენ ბარი”-სა და  ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და საგამოძიებო ვერსიის შემუშავება-შეჯერება.
მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს: გ.ალანიას, მ. ბიბილურიძეს, ალ. ღაჭავას და ა. აფციაურს, მათ მიერ სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების და, კერძოდ,  დ. ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ შესთავაზეს ფინანსური საზღაურის გადახდა 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე მათი ოჯახების უზრუნველყოფა და მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ყოფნის პერიოდში. გამოძიების საწყის ეტაპზევე, ივ. მერაბიშვილი  შეხვდა ბრალდებულებს და შეპირდა, რომ “მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ”,  რაც მან განახორციელა კიდეც. ივ. მერაბიშვილმა “მოდულის” შენობაში წინასწარი დაკავების საკანში ბრალდებულებთან შეხვედრისას, თანადგომა და მხარდაჭერა  აღუთქვა მათ.  დაპირებული თანხის ნაწილი “საჩუქრის” სახით “შეფისაგან”, (იგულისხმება შ/ს მინისტრი), იქვე გადასცეს დაკავებულებს.  დანარჩენი თანხის გადაცემა კი, ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად