ვანო მაჭავარიანი: “ოცნება” “პატრიოტების” დამახინჯებული ინფორმაციის მძევალი აღმოჩნდა

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნატოს თემაზე დისკუსიისთვის მზად არ აღმოჩნდა, მან ვერ შეასრულა საშინაო დავალება და ფაქტობრივად “პატრიოტთა ალიანსის” დამახინჯებული ინფორმაციის მძევალი გახდა.

ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა “აიპრესთან” ნატოს თემაზე არსებულ დისკუსიასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსების და მეგობარი ანალიტიკოსების კეთილი რჩევა გახდა მმართველი გუნდის და პატრიოტთა ალიანსის თანხვედრის საგანი.

„ბატონი რასმუსენის განცხადება პოლიტიკური სპეკულაციებისა და არასწორი ინტერპრეტაციების საგანი გახდა. ძალიან სამწუხაროა ეს, განსაკუთრებით მმართველი გუნდის მხრიდან, რომლის ვალდებულებაა, რომ არა მარტო რასმუსენის მიერ გამოთქმული მოსაზრება უნდა იყოს განხილული, არამედ მმართველ გუნდს უნდა ჰქონდეს წინადადებები და მან უნდა შესთავაზოს მოკავშირე ქვეყნებს. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს და მოკავშირე ქვეყნებს იმ საერთაშორისო გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან, რომელიც საქართველოს გამოადგება.

ფაქტია, რომ მმართველი გუნდი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მსგავსი დისკუსიისთვის და ფაქტობრივად პატრიოტთა ალიანსის და მათი მედიის გამიზნული და დამახინჯებული ინფორმაციის მძევალი გახდა. ასევე იმ მედიასაშუალებების, რომლებიც როგორც ჩანს, არ არიან საკმარისად მომზადებული ამ საკითხთან დაკავშირებით და არ აქვთ საკმარისი ცოდნა ამ მხრივ.

მმართველ გუნდს საშინაო დავალება უნდა ჰქონოდათ გაკეთებული და ეს უნდა ეჩვენებინათ ნატოსთან მიმართებაში და რას ფიქრობენ იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებიდან. რას ესაუბრებიან მოკავშირეებს და რას ეუბნებიან მათ ნატოში გაწევრიანებაზე.

ამ შემთხვევაში მეგობარი პოლიტიკოსების და მეგობარი ანალიტიკოსების კეთილი რჩევა გახდა მმართველი გუნდის და პატრიოტთა ალიანსის თანხვედრის საგანი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან ბევრ რამეს მიანიშნებს, სად არის ქართული ოცნება თავის დამოკიდებულებაში არა თავისი რიტორიკით, არამედ საქმით ნატოსთან გაწევრიანების მიმართულებით“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ანდერს ფოგ რასმუსენმა გააჟღერა იდეა, რომ დაიწყოს დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაშიც ამოქმედდება მეხუთე მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გახდება და ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, თუმცა ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს ვერ გავრცელდება. რასმუსენის ეს განცხადება ზოგიერთი პოლიტიკოსებისგან ახსნილი იყო იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ნატოში შესვლის სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთზე. სინამდვილეში კი ნატოს მხრიდან ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...